მაგდა ხარაიშვილის საქმეზე პოლიციას არავინ დაუკავებია
ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის, მაგდა ხარაიშვილის საქმეზე, პოლიციას ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებია.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა) უკვე დაწყებულია.
თუმცა რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სამართალდამცავები საქმეზე დანიშნული ტრასოლოგიური ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.
25 წლის მაგდა ხარაიშვილი, 28 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მაგდა ხარაიშვილმა მძიმე დაზიანებები თავის არეში მიიღო.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მგზავრებს შორის, მძიმე დაზიანებები, მხოლოდ გარდაცვლილმა მიიღო.
ახალგაზრდა ქალს, ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში ორი რთული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ბოლო დღეებში მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და 8 იანვარს გარდაიცვალა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით,ავტომობილს მამაკაცი მართავდა, რომელიც ხარაიშვილების მეზობელია, შემხვედრი ავტომობილის მძღოლი კი ლაგოდეხის მუნიცილიტეტის სოფელ ნინიგორიდანაა. ჯერჯერობით, სამართალდამცავებს მათთვის ბრალი არ წაუყენებიათ.
მაგდა ხარაიშვილს ხვალ, 11 იანვარს, (ფეხბურთელი მამის გვერდით, რომელიც ასევე ახალგაზრდა გარდაიცვალა) ლაგოდეხში დაკრძალავენ.