მაგიდები 2-მეტრიანი დაშორებით, მაგიდასთან, – მაქსიმუმ 6 პირი
ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ, 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ, 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი, შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება.
ამასთან, ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია და ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25 კვ.მ.-ს.
დოკუმენტის თანახმად, დახურული სივრცეები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაციით, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, შესაძლებელია ხელოვნური ვენტილაციის გამოყენება, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით.
რაც შეეხება მენიუს, რეკომენდირებულია, რომ სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუ იქნას შეთავაზებული, ხოლო ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში, მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის უნდა განთავსდეს სადეზინფექციო საშუალებები.
რაც შეეხება მოთხოვნებს ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის, ამ შემთხვევაში მაგიდებისა და სტუმრების განლაგების მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე კვების ობიექტების მსგავსია.
კვების ობიექტებისთვის ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებას და უნაღდო ანგარიშსწორებისთვის უპირატესობის მინიჭებას.
რეკომენდაციები ასევე მოიცავს მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლების გამოყენებას და დასუფთავების გამკაცრებულ ზომებს საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.). კერძოდ, დასუფთავებისთვის უნდა დაწესდეს პერიოდული 2-საათიანი რეჟიმი.