მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სევასტოპოლში რუსებმა სავარაუდოდ თავისივე Су-35 ჩამოაგდეს

სევასტოპოლთან რუსული გამანადგურებელი Su-35 ჩამოვარდა. უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება მხოლოდ რუსულ საჰაერო თავდაცვის ძალებს შეეძლო. ასევე ცნობილია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს ყირიმში საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილება იყო გამოცხადებული. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ თვითმფრინავს ცეცხლი უკიდია და ზღვაში ვარდება.

მოგვიანებით, კომენტარი გააკეთა სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა. მან თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი დაადასტურა.

მიხაილ რაზვოჟაევის თქმით, შემთხვევის შედეგად სამოქალაქო ობიექტები არ დაზიანებულა და პილოტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ან შეიარაღებულ ძალებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი. უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების სარდლობისა და ბრიტანული დაზვერვის ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 10 რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

მათ შორის რუსეთის ყველაზე დიდ დანაკარგად უნდა ჩაითვალოს 2 სადაზვერვო თვითმფრინავის, ადრეული აღმოჩენის რადიოლოკაციური A-50-ის ჩამოგდება, რაც, ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით, სერიოზულად შეამცირებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე რუსეთის ავიაციის საცეცხლე ზემოქმედების ინტენსივობას.

თავად რუსეთი სამხედრო საავიაციო დანაკარგების შესახებ არაფერს ამბობს, ზოგიერთმა რუსულმა ტელეგრამის არხმა კი თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზად ე.წ. მეგობრული ცეცხლი დაასახელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button