ანალიტიკამნიშვნელოვანისაქართველო

მაგთი ტარიფებს ზრდის – ბალი კი უქმდება

ცვლილებები 10 თებერვალიდან შევა ძალაში

კომპანია „მაგთიკომი“ ტარიფებს ცვლის. კერძოდ, 10 თებერვლიდან მინიმალური ულიმიტო პაკეტის შეძენა 25-ის ნაცვლად, 30 ლარად იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელმა დღეს მიიღო. Bm.ge დაუკავშირდა კომპანიას კითხვებით, თუ რამ გამოიწვია ტარიფების ზრდა და რომელ კონკრეტულ მომსახურებას ეხება ეს ცვლილება, გარდა ულიმიტო სასაუბრო დროისა.

“მაგთიკომის” განმარტება:

„აბონენტების საშუალო ინტერნეტმოხმარება მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც გათვალისწინებულია 30-ლარიან პაკეტში და ულიმიტო წუთებსა და SMS-ებთან ერთად მოიცავს 3000 MB ინტერნეტს.

მომხმარებელს „მაგთის“ მრავალფეროვანი შეთავაზებებიდან შეუძლია აირჩიოს სასურველი პაკეტები. მაგალითად, “საკვირველი დღეების“ ფარგლებში მომხმარებელს საკმაოდ შეღავათიან ფასად შეუძლია შეიძინოს როგორც ცალკეული, ისე კომბინირებული პაკეტები. გარდა ამისა, თუ აბონენტი არ არის ინტერნეტმომხმარებელი, “მაგთიკომი” სთავაზობს მას ალტერნატივას – ულიმიტო ზარებს საქართველოში თვეში 24 ლარად.

„ულიმიტო დღე-ღამე“ და „ულიმიტო კვირა“ თავდაპირველად იყო მოკლევადიანი აქციები, რომლებიც ერთ-ორ თვეში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ პანდემიის პერიოდში, ინტერნეტზე გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, მნიშვნელოვანი იყო ასეთი შეღავათიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი აქციის გაგრძელება და რეალურად ის “მაგთიკომმა” საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, 2 წლით გააგრძელა.

ცვლილებები ეხება მხოლოდ მობილურ მიმართულებას და ის 10 თებერვლიდან შევა ძალაში“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

“ბალის“ ანგარიშები კი უქმდება. შესაბამისი ინფორმაცია აბონენტებს უკვე დაეგზავნათ. ასევე, მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას „მაგთიკომი“ ოფიციალურ ვებგვერდზეც ავრცელებს.
როგორც ირკვევა, 10 თებერვლიდან „ბალის“ ბრენდს შემდეგი ცვლილებები შეეხება: გაუქმდება “ბალის” ყველა ანგარიში (01, 02, 04, 06, 07, 09, 99) და იმოქმედებს ერთი, გაერთიანებული ანგარიში; “ბალის” მომხმარებლები ისარგებლებენ მათ მიერ არჩეული სატარიფო გეგმით ან სტანდარტული ტარიფით; ასევე, მომხმარებლების ანგარიშებზე არსებული ერთეულები (მათ შორის, კლუბის ერთეულებიც) შენარჩუნდება 2022 წლის 10 თებერვლიდან 30 დღის განმავლობაში.

ამასთან, გაჩნდება ახალი სახელი – ტარიფი „ბალი“. ხოლო განახლებული ტარიფები იქნება შემდეგნაირი:

• 5 თეთრი წუთი – “მაგთიკომის” მობილურ ქსელზე;
• 12 თეთრი წუთი – “სილქნეტი/ჯეოსელის”, “ბილაინისა” და საქართველოს ფიქსირებულ ქსელებზე (გარდა ნომრებისა, რომლებიც იწყება კოდით: +99544);
• ზარის წამოწყება – 12 თეთრი;
• საქართველოს სხვა მობილური ქსელები – 24 თეთრი;
• მობილური ინტერნეტი 1 მბ – 1 თეთრი;
• SMS/MMS – 1 თეთრი.
• ტარიფით 30-დღიანი სარგებლობა – 1 ლარი

„მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უქმდება ტარიფი „უიაფესიც“.

გარდა ამისა, დღეიდან, „ბალის“ ბრენდზე ახალი მომხმარებლების ჩართვა შეჩერებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button