მაკა ასათიანის შეცვლილი პოზიცია

“ჯერ-ჯერობით გაჩეჩილაძეებთან შეხვედრა გეგმაში არ არის,” – ეს განცხადება მაკა ასათიანმა მაესტროს თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

თუმცა, საქართველოში ჩამოსვლის დროს ასათიანი ამბობდა, რომ გაჩეჩილაძეები მისი ოჯახის წევრები არიან და მათთან შეხვედრა შედგებოდა. ასათიანმა არც ძმები გაჩეჩილაძეების მიერ გავრცელებულ განცხადებას უპასუხა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ მაესტრო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ტელეკომპანიის შენობა კი, რომელიც მაკა ასათიანის საკუთრებაა, კვლავ გაძლიერებული დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ არის. არხის გენერალური დირექტორი, ბაია გადაბაძე კვლავ აცხადებს, რომ ძმებ გაჩეჩილაძეებს შენობაში არხის სამართავად არ შეუშვებს.

ტელეკომპანია მაესტროს თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ მუშაობას აგრძელებენ და სამართლებრივი პროცედურების დასრულებამდე არ გეგმავენ ახალი დირექტორის მითითებების შესრულებას.

მაესტროს საკონტროლო პაკეტის მფლობელის ადვოკატი დღეს სამეწარმეო რეესტრში არხის გენერალურ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დამტკიცების შესახებ განცხადებას შეიტანს. წარმოდგენილი იქნება კრების ოქმიც, სადაც ამ საკითხზე დამფუძნებლების თანხმობა დადასტურებულია.

ირაკლი კორძახია ვარაუდობს, რომ საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად ლევან გაჩეჩილაძე მაესტროში დღესვე მივა.
დღის ბოლოს გავრცელდა ძმებ გაჩეჩილაძეების ერთობლივი განცხადება – ისინი ბაია გადაბაძეს საზოგადოების შანტაჟში ადანაშაულებენ. განცხადებაში საუბარია სამომავლო გეგმებზეც. პირველ ეტაპზე გაჩეჩილაძეები თანამშრომლებისთვის სამოქმედო გეგმის წარმოდგენას და აუდიტის ჩატარებას აპირებენ იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია არხის გაკოტრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button