მნიშვნელოვანირეგიონი

თელავში შინაური და გარეული ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დადორბლვის 327 შემთხვევა დაფიქსირდა

მიმდინარე წლის 6 თვეში მხოლოდ თელავში შინაური და გარეული ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დადორბლვის 327 შემთხვევა დაფიქსირდა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 305 იყო. მონაცემები გაზრდილია. ეს არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა სამედიცინო დაწესებულებას ცოფის საწინააღმდეგო აცრისთვის მიმართეს, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ზოგი ექიმს არ მიმართავს და შესაძლოა ეს რიცხვი კიდევ უფრო დიდი იყოს.

ეპიდემიოლოგი თამარ მღებრიშვილი, რომელიც თელავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში მუშაობს, სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს ეუბნება, რომ მათ მიმართავენ პაციენტები, რომლებიც ამბობენ, რომ დაკბინა ან დადორბლა როგორც შინაურმა ცხოველმა, ასევე გარეულმა, მათ შორის მგლის ლეკვმა.

სპეციალისტი ამბობს, რომ თუკი ცოფიანმა ცხოველმა ადამიანი დაკბინა და მკურნალობის სრული კურსი ჩატარდა, ვირუსი სრულიად განკურნებადია, თუ არადა, შესაძლოა შემთხვევა გარდაცვალებით დასრულდეს.

ექიმ-ეპიდემიოლოგ თამარ მღებრიშვილის თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ცოფი ადამიანში არ დაფიქსირებულა.

თელავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემებით, ირკვევა, რომ ადამიანებს უფრო ხშირად ოჯახში მყოფი შინაური ცხოველები კბენენ. მათ შორისაა კატა, ძაღლი, ცხენი, ღორი და კურდღელი.

სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ დაკბენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ საავადმყოფოს ან პოლიკლინიკას, რათა შემდგომი გართულება თავიდან აიცილონ.

მართალია, ცხოველების მიერ ადამიანის დაკბენის შემთხვევები უმეტესწილად ოჯახში მყოფ ცხოველებზე მოდის, მაგრამ პრობლემურია უპატრონო ძაღლებიც. რეგიონში მაწანწალა ძაღლების თავშესაფრის აშენება იგეგმება, თუმცა როდის, ვერავინ აკონკრეტებს.

თამარ მღებრიშვილის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button