გურჯაანში აქცია დასრულდა [Photo]
გურჯაანში მიმდინარე აქცია დასრულდა. მევენახეებმა განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციებს არ წყვეტენ და ისინი კვლავ აპირებენ ხვალ გურჯაანში შეიკრიბონ.
ყურძნის ფასით უკმაყოფილო კახელები სხვადასხვა რაიონში აქციებს უკვე 10 დღეა მართავენ და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათი მოთხოვნები ამ დრომდე არ შესრულებულა. უფრო მეტიც, მთავრობა ამბობს, რომ ყურძნის სუბსიდირების საკითხის გადახევას არ აპირებს.
გლეხები კი ამბობენ, რომ თუ ყურძნის ფასი რქაწითელის შემთხვევაში 1 ლარამდე და საფერავის შემთხვევაში 1,50-მდე არ გაიზარდა ისინი მოსავალს არ ჩააბარებენ. ამბობენ, რომ დღვანდელი ფასი 60 და 85 თეთრი გაწეულ ხარჯებსაც კი ვერ ფარავს.
დღვანდელ აქციაზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა. დღის 12 საათზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა გურჯაანის გამგეობის შენობასთან, სადაც აქციაზე კახეთის გუბერნატორი მივიდა. გუბერნატორი მევენახეებს გამგებელთან, გია გერგიძესთან ერთად შეხვდა, თუმცა ამ შეხვედრაზე გლეხების თქმით, გუბერნატორს ახალი არაფერი უთქვამს.
ამის შემდეგ მონაწილეებმა თბილისი-გურჯაანის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. აქცია 1 საათს გაგრძელდა. გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს აქციის მონაწილემ გიორგი ჭანყოშვილმა ხელი სახეში ჩაარტყა. ჭანყოშვილი დააკავეს. ღვინიაშვილმა მომხდარში პრემიერმინისტრი დაადანაშაულა.
გადაკეტილ საავტომობილო გზაზე მოძრაობა მოგვიანებით პოლიციამ ძალის გამოყენებით აღადგინა, ხოლო აქციის სამი მონაწილე დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა. მათი სასამართლო პროცესი ახლა მიმდინარეობს.
მთავრობა პოზიციას არ ცვლის: გუბერნატორის განცხადებით, ყურძნის ფასზე დაწესებული სახელმწიფო სუბსიდია არ გაიზრდება, სახელმწიფო კი ღვინის მწარმოებლებს ფასს ვერ უკარნახებს.
მევენახეები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, საპროტესტო გამოსვლები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.