მარიამ ქუთელიას ზუგდიდში დაკრძალავენ
თბილისში 13 ივნისს სტიქიის დროს გარდაცვლილ მარიამ ქუთელიას ზუგდიდში 20 ივნისს დაკრძალავენ.
მარიამ ქუთელიას ცხედარს ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრიდან 15.00 საათზე გამოასვენებენ – იუწყება რადიო “ათინათი”.
ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია ღუბელაძეს ცნობით, მარიამ ქუთელიას დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად ქალაქ ზუგდიდის მერია დაფარავს. გარდა ამისა, მისივე ცნობით, მარიამ ქუთელიას ოჯახს მერის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდები დაეხმარებიან.
„ახალგაზრდები ხვალ დოკუმენტური ფილმის საქველმოქმედო ჩვენებას გამართავენ. ამასთან, მერიის თანამშრომლები ცალკე ვაგროვებთ თანხას. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით მარიამ ქუთელიას ოჯახს დავეხმაროთ“, – აცხადებს მაია ღუბელაძემ.
მარიამ ქუთელია ივლიტა ჯიბუტთან ერთად მდინარე ვერემ მაშინ გაიტაცა, როცა ჯიბუტის მეუღლე გოგონების გადარჩენას უშედეგოდ ცდილობდა.
ქუთელია მის მეგობართან ივლიტა ჯიბუტთან და მის მეუღლესთან სტუმრად იმყოფებოდა. ისინი იმ სახლში ცხოვრობდნენ, რომელიც მდინარე ვერემ გაიტაცა. წყალდიდობის დაწყების შემდეგ თავის გადარჩენის მიზნით სამივენი სახურავზე ავიდნენ, მაგრამ მდინარემ ორივე გოგონა ჩაითრია. მაშველებმა მხოლოდ მამაკაცის გამოყვანა მოახერხეს.