მართლმადიდებელი ეკლესიების არაერთგვაროვანი აღდგომა
საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები პანდემიის პირობებში წირვაზე ხალხის დასწრებაში საფრთხეს ვერ ხედავენ.
“ღმერთმა დაგვიფაროს, ისეთი რამ მოხდეს, რომ წირვა არ ჩატარდეს. წირვა აუცილებლად ჩატარდება, რაც შეეხება მრევლის დასწრებას, იმედია, რომ დაესწრება ხალხი, აბა, რისთვის ტარდება?!” – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
ამასთან, მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ „კომენდანტის საათი“ არ შეიძლება განიხილებოდეს მოსახლეობის საწინააღმდეგო ღონისძიებად. მისივე თქმით, ვერ წამოუდგენია, რომ მთავრობა ხალხს და ეკლესიას დაუპირისპირდეს.
„კომენდანტის საათის“ შემოღება ზღუდავს თავისუფლად გადაადგილებას, კონტაქტებს, მაგრამ არ არის მოსახლეობის საწინააღმდეგოდ, არის პრევენცია. შესაბამისად, თუ ასეთი აუცილებლობა იქნება, რომ ღამე წირვაზე მოვიდნენ ადამიანები, მე ვერ წამომიდგენია, რომ მთავრობა ან ხალხს დაუპირისპირდეს, ან ეკლესიას. რატომ? – მთავრობა გვიცავს. გვიცავს არაჩვეულებრივად. არაჩვეულებრივი მაჩვენებლებითა ვართ დღეს.”
მისივე თქმით, ტაძრებში ლიტანიობისას შეეცდებიან, მრევლს შორის დისტანცია დაიცვან.
„უმჯობესია, ღამე გახვიდეთ ქალაქში და ნახოთ, რა ხდება, უამრავი ადამიანი მოძრაობს. ჰოდა, რომ აჯარიმებენ, რატომ აჯარიმებენ? აქ კანონის დარღვევაზე კი არ არის საქმე, უსაფრთხოების ზომებს არ იცავენ. ეს არის მთავარი! ღამე რომ ბნელა, არ ჩანს, ვინ რა მანძილზე მიდის ერთმანეთთან, ამიტომ არის მე ვფიქრობ, ეს კანონი. ცოტა აზრიანად უნდა შევხედოთ ყველაფერს. ვეცდებით, ლიტანიობისას დისტანცია დავიცვათ.”
ამავე საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებული შეხედულება აქვს “ერთმორწმუნე” რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას.
“ლოცვა და პირდაპირ ეთერში ღვთისმსახურების ყურება დაეხმარება მორწმუნეებს იძულებითი მწუხარების დღეები გადაიტანონ და ეს მოუტანს მათ თავის სისუსტეებსა და ვნებებზე გამარჯვების სიხარულს.” – ეს განცხადება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა დღევანდელი ქადაგებისას გააკეთა.
„საკუთარ სახლებში, მოდით, ძლიერ ვილოცოთ, გავატაროთ დრო ტელევიზორთან, როდესაც საღვთისმსახურო ტრანსლაცია იქნება“, – განაცხადა პატრიარქმა. მანვე მრევლს მოუწოდა, ილოცონ ახლობლებზე, ქვეყანაზე, მთელ მსოფლიოზე. ასევე, ილოცონ საკუთარი თავისთვის.
„რათა ღმერთმა კეთილგონიერება მოგვცეს, შეგვეწიოს ცხოვრებიუსეულ ცდუნებათა დაძლევაში, შეგვაცნობინოს, რაოდენ მნიშვნელოვანია მათთან ერთად ყოფნა სიხარულსა და მწუხარებაში. დარწმუნებული ვარ, თუკი იძულებითი მწუხარების დღეებს ასე გადავიტანთ, ეს დღეები აღარ იქნება მწუხარების და საკუთარი თავის, სისუსტეებისა და ვნებების დაძლევის უდიდეს სიხარულს მოგვიტანს და დაგვეხმარება უფლისკენ სწრაფვის მაცხოვნებელ პერსპექტივაში“, – განაცხადა პატრიარქმა კირილმა.
შაბათს, რუსეთის საპატრიარქომ, ქვეყნის მთავარი სანიტარული ექიმის მოთხოვნით, მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის სასულიერო პირებს ურჩია, 13-დან 19 აპრილამდე ღვთისმსახურებები მრევლის დაუსწრებლად ჩაატარონ.
ასევე, მრევლის გარეშე აღნიშნავს აღდგომის დღესასწაულს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც აღდგომის აღნიშვნა ერთი თვით გადადო. ამის შესახებ გადაწყვეტილება საბერძნეთის (ელადის) მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო.
სინოდის განცხადებაში ნათქვამია, რომ „არსებული უპრეცედენტო გარემოებების გათვალისწინებით“, მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს მორწმუნეებს, აღდგომის დღესასწაულზე სახლში ილოცონ. ხოლო თუ პანდემიის გავრცელების მძიმე ფონი გადავლილი იქნება, მრევლი და ეკლესია აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის ცერემონიალს ერთობლივად, 26 მაისის ღამეს დაესწრებიან, როცა ხდება აღდგომის დღესასწაულის წარგზავნა და ბოლოჯერ იგალობება „ქრისტე აღსდგა“.
კორონავირუსის გამო, ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლს მოუწოდა, ეკლესიების ნაცვლად, სახლში ილოცონ. “ეს რწმენაზე უარის თქმა არაა, ეს არის შინაგანი მსხვერპლი, რათა დავიცვათ საკუთარი თავი და სხვა მორწმუნეები”, — აცხადებს ბულგარეთის სამღვდელოების ლიდერი.
წელიწადის ამ დროს, ჩვეულებრივ, იერუსალიმის ძველი ქალაქი ტურისტებითა და მომლოცველებით არის სავსე, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, დაწესებული მკაცრი შეზღუდვების ფონზე, დღეს იერუსალიმი თითქმის ცარიელია. ისევე როგორც ბევრი სხვა წმინდა ადგილი მსოფლიოში, დახურულია აღდგომის ტაძარი, რომელიც ყოველწლიურად აღდგომის დღესასწაულის ზეიმის ცენტრია.
აღდგომის დღესასწაულის წინ, წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალზე აღდგომის ტაძარში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის სასულიერო პირები დაიშვებიან. აღდგომასთან დაკავშირებული რელიგიური ცერემონიების უმრავლესობის პირდაპირი ტრანსლირება მოხდება, რათა მორწმუნეებმა სახლებიდან ყურება შეძლონ.