მარტვილში სკოლა პანსიონის თანამშრომლებმა სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვეს
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/05/stefane-martvili.jpg)
სალხინოს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონის სატრაპეზოს 10-მდე თანამშრომელმა სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვა.
პროტესტის მიზეზი კი ხელფასები გახდა. მათი განცხადებით, მეუფე სტეფანემ მათ კუთვნილი ხელფასი დააკლო.
მას შემდეგ, რაც სატრაპეზოს თანამშრომლებმა მუშობა პროტესტის ნიშნად დროებით შეწყვიტეს, მათი საქმიანობა სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა შეითავსეს, რათა სკოლა-პანსიონში მცხოვრები ბავშვები დაეპურებინათ.
სკოლა-პანსიონის თანამშრომელი მაია ცაავა სოციალურ ქსელში წერს, რომ სატრაპეზოს დატოვების „მიზეზი მოტყუებით ჩარიცხული სამარცხვინო ხელფასებია“.
„წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის სატრაპეზოს თანამშრომლებმა სამუშაო პროცესში მიიღეს გადაწყვეტილება და დატოვეს სატრაპეზო. მიზეზი: მოტყუებით ჩარიცხული სამარცხვინო ხელფასი! ბოდიში ჩვენს საყვარელ ბავშვებს! ჩვენს მაგივრად დღეს მოემსახურებიან სკოლის პედაგოგები!“, – წერს მაია ცაავა.
ასევე ცნობილი ხდება, რომ მეუფე სტეფანემ მის მიერ განკვეთილი სალხინოს მონასტრის ყოფილი წინამძღვრის მამა დანიელის დისშვილი, რომელიც სკოლაში ფინანსურ სამსახურში მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლა, მათ შორის შინაგანაწესის დარღვევის გამო.