მდინარე ენგურის გადმოსვლის შედეგად ანაკლიაში 15-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა

ანაკლიაში მდინარე ენგურის ადიდების შედეგად დატბორილი და დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით,რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად აფიდებულმა მდინარე ენგურმა, სანიაღვრე არხის სივიწროვის გამო,ზღვაში გასასვლელი ვერ იპოვა და წყალი მოსახლეობას შეუვარდა.
განსაკუთრებით დაზარალდა ანაკლიის ცენტრალური ბულვარის მარჯვენა მხარეს მცხოვრები მოსახლეობა და ორდე დგებუაძის ქუჩის მაცხოვრებლები.
“ასეთი სტიქია 1985 წლიდან არ გვახსოვს, დავბერდი ქალი და. 20 წუთის ინტერვალში შემოგვივარდა წყალი. ახალგარემონტებულ სახლში ყველაფერი,ავეჯი, ტექნიკა დაგვიზიანდა. ხომ შეიძლებოდა ეს სანიაღვრე არხი გაფართოებულიყო სწრაფად,პირველი ტრაქტორი ჩაღრმავების სამუშაოებს ვერ მოერია,მეორემ კი 2 საათით დაიგვიანა და ამასობაში დავზარალდით, ვინ დაგვეხმარება”,-ამბობს ადგილობრივი მანანა ცხადაია.
ორდე დგებუაძის ქუჩის მაცხოვრებელ ზაირა ჭანტურიას სტიქიის შედეგად შინაური ფრინველი დაეხოცა.”ყველაფერი განადგურებულია, ჩემი ეზო,თხილნარი,სახლი ყველაფერი დატბორილია,ვითხოვთ შველას”,-ამბობს ჭანტურია.
შეგახსენებთ წუხელ სპეციალური ტექნიკით ენგურის კალაპოტი გააფართოეს, რის შემდეგაც მდინარე ჩვეულ დინებას დაუბრუნდა.ამ დროისთვის დაიწია წყლის დონემაც.
რა ოდენობის ზარალი მიადგა ანაკლიას და მოხდება თუ არა მოქალაქეების დახმარება, მერიაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. ანაკლიაში ამ დროისთვის წვიმს.