მე ისევ გაუთხოვარი ვარ, ნეტავ ის ძროხა როგორ არის?! – ლია კამლაძის ბლოგი

ლაგოდეხიდან წერილი მოვიდა, რომელიღაც სოფელში (სახელი აღარ მახსოვს), მეცხრე საუკუნის ძეგლი ნადგურდებაო.

მწვანეთა მოძრაობის ,,ოქროს ხანის” პერიოდია. ზურაბ ჟვანიამ ოპერატიულად ,,გვაფრინა” შემთხვევის ადგილზე.

მეგზურობას ადგილობრივი ,,მწვანე” გვიწევდა, ძლივს მივაგენით სოფლის განაპირას იმ ადგილს, სადაც ვანდალიზმს უნდა ჰქონოდა ადგილი… და რა დაგვხვდა?! მოზრდილ ტერიტორიაზე ადგილობრივ მცხოვრებს ჭაობი დაუშრია, ეკალ–ბარდებისგან გაუწმენდია იქაურობა და მეურნეობა მოუწყვია: ძროხები, ქათმები, ცხვრები, გოჭები და თქვენ წარმოიდგინეთ, ცხენების რემა…ხელოვნურ ტბაში კალმახები დახტიან…სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, მაგრამ ჩემი,,ფუნქციის” გამო, გამოხატვას ვერიდები…,,სად არის ძეგლი?!” – ისეთი მკაცრი ტონით ვკითხულობ, მე თვითონ მეშინია…ცოტა მოშორებით გავდივართ და… ,,აი” – ხელს იშვერს მასპინძელი…12–ი, (დავთვალე), ერთმანეთზე დაწყობილი ძველებური აგური…ეს არის ,,ძეგლი”?!–გავოცდე, გავბრაზდე თუ გავიცინო, აღარ ვიცი…

წარმოიდგინეთ, კაცმა იწვალა, გამოუყენებელი, სრულიად უსარგებლო ტერიტორია ბაღნარად აქცია, მეზობელს შეშურდა და ,,ძეგლთა დაცვაც” გაახსენდა…

რა ვქნა ახლა?! ხმის ტონალობა, რა თქმა უნდა, შემეცვალა, მაგრამ ,,ფუნქციას” რა ვუყო?!… მიწის მფლობელობის საბუთებს ვითხოვ…გურჯაანში მაქვს და ახლავე კაცს გავგზავნი და ჩამოიტანენო.

მანამდე მეურნეობას ვათვალიერებ. მოხიბლული ვარ, კარგი მეურნის ხელი ეტყობა ყველაფერს…ამასობაში ცხენი მოაგელვა ახალგაზრდა კაცმა, ეს იყო ბუნების საოცარი ქმნილება: ლაღი, ლამაზი, ძლიერი მამრი, ჯანსაღი, ქათქათა კბილებით და ფართო ღიმილით…

მასპინძელი სადილის სამზადისს შეუდგა, ის ახალგაზრდა კი ტბაში შევიდა და ნაპირზე კალმახები ამოყარა…

მსგავსი რამ აბა სად უნდა მენახა და რა გასაკვირია, პირი რომ დავაღე…კაცს ნაცრისფერი ტრუსი ეცვა, რომელიც წყალში დასველდა და პრაქტიკულად გამჭვირვალე გახდა…

ტბიდან რომ ამოიზიდებოდა დაკუნთული სხეული ეჭიმებოდა…ცქერად ღირდა…

ჩემმა მეგობარმა სიტუაცია რომ დაინახა, გაგიჟდა ,,რას უყურებ ამ ლამის შიშველ კაცს, წამოდიო”, ,,ლალი, ეს კაცი არ არის”–ისე ვთქვი, თავი არ მიმიბრუნებია.

,,აბა რა არის?”–გაკვირვებულმა ლალიმ თვალები დააჭყიტა და ჩემი პასუხი,– ,,ეს ხელოვნების ნიმუშია”… კიდევ, იმ დღეს, იმ მეურნეობაში ძროხას ხბო შეეძინა, რომელსაც ჩემი სახელი დაარქვეს და მითხრეს, რომ ჩემი ქორწილისთვის გაზრდიდდნენ…

მე ისევ გაუთხოვარი ვარ…ნეტავ ის ძროხა როგორ არის?!…

მსგავსი პოსტები

Back to top button