მნიშვნელოვანისიახლეები

ლევან ვარშალომიძე, რომელიც ყაზახეთში დააკავეს, საპატიმროდან გამოუშვეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, 2004-12 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, რომელიც ყაზახეთში დააკავეს, საპატიმროდან გამოუშვეს, თუმცა „იურიდიული პროცედურები გრძელდება“.

„დაკავებული აღარაა, იურიდიული პროცესები ჯერჯერობით ისევ მიმდინარეობს… ველოდებით, რომ მალე დამთავრება“, – ავრცელებს „მთავარი არხი“ პარტიის წევრის, ვარშალომიძის თანაგუნდელის, ლევან ანთაძის ნათქვამს.

„დღეს ის თავისუფალია, მაგრამ მიმდინარეობს იურიდიული პროცედურები. იმედს ვიტოვებთ, რომ მალე ამოიწურება ეს უსიამოვნო სიტუაცია ჩვენ მეგობარ ყაზახებთან და ლევან ვარშალომიძე დროზე დაბრუნდება საქართველოში“, – თქვა ანთაძემ.

18 მარტს გახდა ცნობილი, რომ ვარშალომიძე, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელია, ყაზახეთში დააკავეს. ლევან ბეჟაშვილმა თქვა, რომ პარტიის ინფორმაციით, ვარშალომიძე დააკავეს აეროპორტში, საზღვრის კვეთისას.

„სავარაუდოდ, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ლევან ვარშალომიძეს ეხება და უკავშირდება მის პოლიტიკურ- საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან“, – აცხადებდა ბეჟაშვილი, რომლის თანახმად, არსებობდა რუსეთში ექსტრადიციის საფრთხე, თუმცა დღეს, 19 მარტს, ვარშალომიძის კიდევ ერთმა თანაგუნდელმა, ელგუჯა ბაგრატიონმა თქვა, რომ ექსტრადირების საკითხი „ამ ეტაპზე 99%-ით მოხსნილია“.

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, 2004-12 წლებში ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო. ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და თანამებრძოლია.

ის იყო 2020 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი, თუმცა 2021 წლის თებერვალში ჯერ თავად ითხოვდა დეპუტატის სტატუსის მოხსნას პროტესტის ნიშნად, მოგვიანებით, 2022 წელს კი, სტატუსი მოუხსნეს, რადგან სხდომებს არ ესწრებოდა.

2020 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისათვის შიდა ბრძოლაში ვარშალომიძე დამარცხდა ნიკა მელიასთან.

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში, ამ დრომდე, დაკავებულია.

პარტიაში ამბობენ, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე გუშინ მაშინ აიყვანეს, როცა აეროპორტის გავლით საზღვარს კვეთდა.

წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის ხელისუფლებასთან ვარშალომიძის პოლიტიკურ-საკონსულტაციო საქმიანობას უკავშირდება.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ ყაზახეთი ვაშალომიძეს რუსეთს გადასცემს, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

“მას პრობლემები შეექმნა იმის გამო, რომ პუტინის რუსეთს ჰყავს მტრად გამოცხადებული, იმიტომ, რომ ლევან ვაშალომიძე არის საქართველოს პატრიოტი, ის უკრაინაში არს მაღალ თანამდებობაზე. იმედია, ყაზახეთის ხელისუფლება რუსეთს არ გადასცემს ვარშალომიძეს იმიტომ, რომ მას სიცოცხლის საფრთხე დაემუქრება, თუ პუტინის რუსეთს ან პუტინს ჩაუვარდა ხელში”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button