მნიშვნელოვანისიახლეები

მედიკამენტების ფასების განხილვა ეკონომიკური საბჭოს ფორმატში

მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვალდებული ვართ, ამაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც პრემიერს რამდენიმე დღის წინ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ გააცნო, დღეს ეკონომიკური საბჭოს ფორმატში განიხილეს. საბჭოს სხდომაზე მიწვეული იყო კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, რომელმაც ანგარიშის ძირითად დასკვნებზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მედიკამენტების მაღალ ფასებთან დაკავშირებული გამოწვევის დროულად გადასაჭრელად რაც შეიძლება მოკლე ვადებში უნდა გადაიდგას.

„უკვე წლებია, ასე განვითარდა ეს პროცესი და საჭიროებს სწორად ჩარევას ჩვენი მხრიდან. რეალურად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც არის ევროპის ქვეყნებში. ახალს არაფერს არ ვიგონებთ, ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს, იმიტომ, რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს. მედიკამენტების ფასები არის ძალიან გაზრდილი და ჩვენ ვართ ვალდებული, ამაზე მოვახდინოთ რეაგირება, თანაც დროული. მინდა, ამ ფორმატში ვიმსჯელოთ და დავიწყოთ რეაგირება და ქმედება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის და ირაკლი ლექვინაძეის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button