მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მედვედევი უკრაინის დაპყრობას მოითხოვს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი მოითხოვს, რომ კურსკის ოლქზე უკრაინის „ტერორისტულ ოპერაციას“ მოჰყვეს „პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგი“.

დღეს, 8 აგვისტოს, მედვედევმა ტელეგრამზე დაწერა, რომ „ამ მომენტიდან სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ უნდა მიიღოს ღიად ექსტერიტორიული ხასიათი“.

რუსეთი, რომელიც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვლიდან დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს, უკვე თავის „დაბრუნებულ ტერიტორიებად” მიიჩნევს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ოკუპირებულ რაიონებს.

მედვედევი აცხადებს, რომ „ჯერ კიდევ არსებული უკრაინის“ მიწებიც უნდა დაიპყრონ და წავიდნენ „ოდესამდე, ხარკოვამდე, დნეპროპეტროვსკამდე, ნიკოლაევამდე, კიევამდე და უფრო შორს“.რუსეთმა 6 აგვისტოს გამოაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში 7 აგვისტოდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდა. ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსეი სმირნოვის თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია „რთული ოპერატიული ვითარების“ გამო და „რეგიონის ტერიტორიაზე მტრის ძალების შესვლის შედეგების ლიკვიდაციისთვის“.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებს „კიევის რეჟიმის მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა. მან 7 აგვისტოს საგანგებო თათბირზე გამოიძახა თავდაცვის მინისტრი ბელოუსოვი, გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვი, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ბორტნიკოვი და უშიშროების საბჭოს მდივანი შოიგუ.

გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა ვლადიმირ პუტინს მოახსენა, რომ 6 აგვისტოს, გამთენიისას, უკრაინის შეიარაღებული ძალების 1000-მდე სამხედრო შეტევაზე გადავიდა კურსკის ოლქის სუჯის რაიონის ნაწილის დასაპყრობად.

გენერალ გერასიმოვის მტკიცებით, ტერიტორიის სიღრმისკენ მოწინააღმდეგის გადაადგილება შეჩერებულია, ლიკვიდირებულია, სულ მცირე, 100 უკრაინელი სამხედრო, 215 დაჭრილია და განადგურებულია 54 ერთეული ტექნიკა, მათ შორის 7 ტანკი. ეს მონაცემები დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის.

გერასიმოვი, რომელსაც რუსეთის დანაკარგებზე არაფერი უთქვამს, პუტინს დაჰპირდა, რომ ოპერაცია უკრაინის ძალების „სრული განადგურებით” დასრულდება. უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის კურსკის ოლქში მდებარე სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს დრონებით და რაკეტებით არაერთი თვეა უტევენ, თუმცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ან გენერალურ შტაბს ამ დრომდე ოფიციალურად არაფერი უთქვამთ სახმელეთო ოპერაციაზე.

მედიასაშუალებებმა, რომლებმაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისთვის მიმართეს, კომენტარზე უარი მიიღეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button