რეგიონი

მეღვინეები კახეთში ღვინის რეალიზაციის ჩავარდნასა და უნუშევრობაზე ალაპარაკდნენ

გვჭირდება ხელშეწყობა სახელმწიფოსგან, სხვა შემთხვევაში, მილიონობით ზარალი და თანამშრომლების შემცირება არ აგვცდება-მეღვინეები კახეთში ღვინის რეალიზაციის ჩავარდნასა და თანამშრომლების მოსალოდნელ უნუშევრობაზე ალაპარაკდნენ.
უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების ფონზე, ღვინის ბიზნესი პროდუქციის რეალიზაციის ჩავარდნას ელოდება.

ღვინის კომპანია “ბოლეროს,” ყოფილი “გრუზვინპრომის” გენერალური დირექტორი, ირაკლი ბექაური ამბობს, რომ წლების განმავლობაში ბაზრის დივერსიფიცირება ვერ ხერხდება და რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის დამოკიდებულება, დიდია.

“მინდა, პირველ რიგში თანადგომა გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ. რაც შეეხება ბიზნესს, ჩვენ პროდუქციას ვაწვდიდით რუსეთში, უკრაინაში და ბელორუსში იმპორტიორებს, რომლებიც განბაჟებას აკეთებდნენ და შეჰქონდათ ის ბაზარზე.სამწუხაროდ, მთლიანად დარგია დამოკიდებული ამ ბაზრებზე, რაც საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობაა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ბაზრის დივერსიფიცირებაზე მუშაობას, მაგრამ ეს რთულია და ამაში სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის სააგენტოს დახმარებაც გვჭირდება“-ამბობს ბექაური.

მეღვინეები არც იმას გამორიცხავენ, რომ რუსულ ბაზარზე უკვე შეტანილი პროდუქციის საფასური ვერც მიიღონ, რაც მილიონობით ლარის ზარალს გამოიწვევს.

ამ წუთებში, ბაზრებზე ჩვენი პროდუქცია გაჩერებულია, რადგან ანგარიშსწორების ფორმა არ არსებობს და ბანკები სავალუტო ოპერაციებს ვერ ასრულებენ. თეორიულად, არ გამოვრიცხავთ, რომ შემოსავალი საერთოდ ვერ მივიღოთ, რაც იძულებულს გაგვხდის თანამშრომლების შემცირებაზე ვიფიქროთ. ამის გარდა, ბანკებთანაც გვაქვს ვალდებულებები, რაც ჩვენ მდგომარეობას აუარესებს” – განმარტავს ბიზნესმენი.

მეღვინეები თვლიან, რომ გამოსავალი ბაზრის დივერსიფიცირებაშია, რასაც ცალკე სირთულეები ახლავს თან.

” ცუდია რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება, მაგრამ ესაა ფაქტი. საბჭოთა რკინის ფარდამ თავისი ქნა, სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიისა და ევროპის ქვეყნებისათვის ჩვენი ღვინო ტრადიციული არ არის.მუდმივად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, მაგრამ გულახდილად გეტყვით, სულაც არ გვხვდებიან ხელგაშლით. ისინი რუსულ ბაზარზეც კი კონკურენციას გვიწევენ, ჭარბად აწარმოებენ, ტექნოლოგიურად გვჯობნიან და ბევრად იაფად ყიდიან საკუთარ ღვინოს”- ამბობს კომპანიის დირექტორი.

დღევანდელი მდგომარეობით, ღვინის ბიზნესი პირველ რიგში, უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ელოდება, რაც მათ სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას საშუალებას მისცემს.

“უკრაინაში უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებები, რაც ბევრი საკითხის გარკვევაში დაგვეხმარება.უკვე გითხარით, რომ ხელშეწყობა დაგვჭირდება, მაგალითად, მაგალითად, ნიუ-იორკში იყო ღვინის გამოფენა, სადაც ვერ მოვხვდით, იმიტომ რომ ორწლიანი რიგია ამერიკის საელჩოში ვიზის მისაღებად. სადაც ვერ ჩახვალ, საქმეს როგორ გააკეთებ?”– ამბობს ირაკლი ბექაური.

უკრაინაში შეჭრის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა, რუსეთის ფედერაციას 5 ათასზე მეტი სახის სანქცია დაუწესა, რის გამოც რუსული საფინანსო ინსტიტუტები და ბაზარი თითქმის გაჩერებულია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წელს ღვინის საერთო ექსპორტში რუსეთის წილი 57% – ს შეადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button