მნიშვნელოვანისიახლეები

მელია წავიდა-მმართველ გუნდში შეფასებები მოჰყვა

ნიკა მელია არ გადიოდა „ნაცმოძრაობიდან“ სანამ არ გარიცხეს და ამის მერე თქვა, რომ გავიდა პარტიიდან. ეს თავიდან ბოლომდე მეტყველებს მის არათანმიმდევრულობაზე, აქამდე თავმოყვარე კაცი უნდა გასულიყო „ნაცმოძრაობიდან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ნიკა მელიას პერსპექტივები ქართულ პოლიტიკაში დიდი არ არის, თუმცა მას შეუძლია დაახლოებით 1% წაართვას „ნაცმოძრაობას“, რაც დადებითად აისახება არჩევნების შედეგებზე.

„ამ უმძიმეს პოლიტიკურ პარტიას ვერ ელეოდა ამდენი ხნის განმავლობაში, ინარჩუნებდა იმედს, რომ მოახერხებდა ნაცმოძრაობაში პოზიციების აღდგენას. ახლა უკვე გარიცხულზე გასვლას რა თქმა უნდა არავითარი ფასი არ აქვს. მთლიანობაში მელიას პერსპექტივები ქართულ პოლიტიკაში მაინცდამაინც დიდი არ არის, თუმცა კარგი ის არის, რომ მას შეუძლია დაახლოებით 1% წაართვას „ნაცმოძრაობას“. შესაბამისად ეს ყველაფერი ბუნებრივია დადებითად აისახება არჩევნების შედეგებზე.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე, “ნაციონალური მოძრაობიდან” ნიკა მელიას წასვლას გამოეხმაურა.

თალაკვაძის განცხადებით, მელია რასაც ამბობს, იმის საპირისპიროს აკეთებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, პარტიიდან მისი წასვლით, “ნაციონალური მოძრაობა” კიდევ უფრო დაიშალა, რაც ქართული პოლიტიკისთვის კარგია.

“აგერ, გამოჩნდა, რომ ადამიანი [ნიკა მელია], რომელიც ამბობდა, რომ ჯარიმას არ გადავიხდი, გადაიხადა ჯარიმაც, ამბობდა, არ შევალ პარლამენტში და ვინც შევა, პუფები იქნებით – შევიდა პარლამენტში. მერე თქვა, რომ არ წავალ პარტიიდანო და წავიდა პარტიიდანაც. ანუ, ჯერჯერობით, ყველაფერს უკუღმა აკეთებს. მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც მუხტი ამ ადამიანმა გაიყოლა და პარტია კიდევ უფრო მეტად დაშლილია დღეს. ეს კარგია პოლიტიკისთვის და კარგია იმისთვის, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“მისი წარსულიდან, მისი განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე ნიკანორ მელიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პუფი და თუ ვინ ჩამოჯდება ახლა ამ პოლიტიკურ პუფზე, ამასაც მალე დაინახავს ჩვენი საზოგადოება” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ნიკა მელიას მიერ “ნაციონალური მოძრაობის” დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, უპრინციპობის და უთავმოყვარეობის შემდეგ, რა სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადზე შეიძლება იყოს საუბარი.

“მას შემდეგ, რაც ის პრაქტიკულად გააგდეს “ნაციონალური მოძრაობიდან”, თქვენ ხედავდით ამ თვეების განმავლობაში, როდესაც მას “ნაციონალური მოძრაობის” კარს უკეტავდნენ, როგორ ცდილობდა, რომ როგორმე გადამძვრალიყო ფანჯრიდან. მისი წარსულიდან, მისი განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე ნიკანორ მელიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პუფი და თუ ვინ ჩამოჯდება ახლა ამ პოლიტიკურ პუფზე, ამასაც მალე დაინახავს ჩვენი საზოგადოება. უპრინციპობის და უთავმოყვარეობის შემდეგ, რა სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადზე შეიძლება იყოს საუბარი” – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ნიკა მელიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა

მსგავსი პოსტები

Back to top button