მნიშვნელოვანისიახლეები

მელიას თქმით, ენმ მზად არის გახარიას პარტიის კანდიდატებს მხარი დაუჭიროს საკრებულოების თავმჯდომარეებად

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დაასახელა ხუთი მუნიციპალიტეტი (წალენჯიხა, ზუგდიდი, სენაკი, ჩხოროწყუ, რუსთავი), რომელთა საკრებულოებშიც ოპოზიციას აქვს უმრავლესობა. მან დააზუსტა, რომ ამ მუნიციპალიტეტებში უმრავლესობა მანდატებისა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ეს არ არის საკმარისი საკრებულოს თავმჯდომარის დამოუკიდებლად ასარჩევად. ამიტომ, ენმ-ს თავმჯდომარე მზად არის, ოპოზიციის საერთო გამარჯვებისთვის საკრებულოების თავმჯდომარეებად მხარი გახარიას გუნდის კანდიდატებს დაუჭიროს.

ენმ-ს თავმჯდომარე მხარდაჭერის სანაცვლოდ, საკუთარ პირობას აყენებს და ამბობს, რომ მხარდაჭერის სანაცვლოდ, ყველა საკვანძო პოზიცია ოპოზიციის დეპუტატებმა უნდა დაიკავონ.

ამავე დროს, ნიკა მელიამ გამოხატა საკუთარი პოზიცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიის მიმართ.

“ჩვენ ერთმანეთი მოგვწონს თუ არა, მე ვფიქრობ, რომ გახარიას პარტიასთან არაფერი გვაქვს საერთო და არც გვექნება, მაგრამ ამომრჩეველმა ასე გადაწყვიტა, რომ უმრავლესობა მანდატების მიანიჭა ოპოზიციას, იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ მინიმუმ ფული აღარ მოიპაროს. ეს არის დაკვეთა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პრაგმატულია, ჩვენთვის მისაღებია, რომ ისინი იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარეები, ჩვენ დავუჭერთ მხარს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან კარგად გვესმოდეს, რომ საკრებულო, როგორც ასეთი, ვგულისხმობ პოზიციებს, იყოს ოპოზიციური.

იქ, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე იქნება ოპოზიციონერი, და ხმათა უმრავლესობითაა წარმოდგენილი, ყველა მნიშვნელოვანი პოზიცია და არა თანამდებობა, უნდა ეკავოს ოპოზიციას, ჩვენ თანამდებობა არ გვჭირდება. კომისიებში, მაგალითად, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე უნდა იყოს ოპოზიციონერი და ყველა საკვანძო პოზიცია უნდა ეკავოთ ოპოზიციონერებს, რატომ? – იმიტომ რომ ასე ჩათვალეს ამ ქალაქებში მაცხივრებელმა ადამიანებმა“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობილია, რომ მარტვილსა და რუსთავში, საქართველოსთვის საკრებულოს თავმჯდომარეობის საკუთარ კანდიდატებს წარადგენს.

მიმდინარე წლის 22 ნოემბერს პარტიის მდივანმა, კახაბერ ქემოკლიძემ თქვა, რომ გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც გადამწყვეტი ხმა აქვს, საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე თავის კანდიდატურებს წარადგენს. ასეთ კონფიგურაციაში კი მისივე თქმით, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან.

3 დეკემბრიდან საქართველოს მუნიციპალიტეტებში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოები.

მსგავსი პოსტები

Back to top button