მნიშვნელოვანისიახლეები

,,მელიაზე თავდასხმა შიდაპარტიული დაპირისპირებითაა გამოწვეული,,-ოცნებამ თავდასხმა დაგმო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერზე, თავდასხმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ „ნებისმიერი ინციდენტი მიუღებელია“. ასე უპასუხა მან ჟურნალისტს, რომელმაც ამ საკითხზე დაუსვა კითხვა.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი არის მიუღებელი. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი აქტებისგან. არჩევნები საქართველოში უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებულად მმართველი ძალისთვის“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის შევეწინააღმდეგები, ოპოზიციისგან განსხვავებით – კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის ყველა სახის ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში აწარმოონ.

ამის შესახებ მან კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

“როგორ შეიძლება ძალადობა წაახალისო ან რაიმე მისასალმებელი კომენტარი გააკეთო? კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის ქმედებები ისევე, როგორც ის სპეკულაციები, რომლის შესახებაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს, ეს იყო მმართველი გუნდის ორგანიზებული. დღეს ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თავისუფალ, მშვიდ გარემოში აწარმოოს საკუთარი საარჩევნო კამპანია. ასეთი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის შევეწინააღმდეგები მათგან განსხვავებით. კარგად მახსოვს, როდესაც მამუკა მდინარაძეს ელისაშვილი დაესხა თავს, რა განცხადებებს აკეთებდნენ და რა მოწოდებები კეთდებოდა. ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, როგორიც არ უნდა იყოს ის – გინდ ფსიქოლოგიური, გინდ ფიზიკური. ყველა უნდა შევეწინაღმდეგოთ ამ ყველაფერს და არავითარ შემთხვევაში, არ უნდა წახალისდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტი შიდაპარტიული დაპირისპირებითაა გამოწვეული.

“არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფაქტი შიდაპარტიული დაპირისპირებაა. თუ ვნახავთ ამ ადამიანის ოჯახის წევრების პარტიულობას, სად მუშაობენ და რას წარმოადგენენ, ყველაფერი ცხადია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ტიპის სპეკულაციები, რომ „ქართული ოცნების“ დაორგანიზებულია ეს ფაქტი, კატეგორიულად მიუღებელია. დღეს ყველაზე მეტად ვისაც უნდა ქვეყანაში სიმშვიდის შებარჩუნება, მშვიდობის პოლიტიკის გატარება, ერთადერთი პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“. სხვა ყველა ერთად აღებული – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, მომხრე იყო იმისა, რომ ქვეყანა სანქციებს შეერთებოდა; მეორე ფრონტი გაჩენილიყო და ა.შ. მათ ქვეყანა არ აინტერესებთ, საქართველოს ხვალინდელი დღე არ აინტერესებთ. ისინი იმართებიან გარედან და რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმის გამკეთებელი არიან. ქვეყნის, სამშობლოს საწინააღდეგო რომ იყოს, იმაზეც წამსვლელი არიან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს აქვს სურვილი, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, მეორე მხარეს კი დგანან ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომელთა წარმომადგენლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან.

„როგორ შეიძლება გერქვას პოლიტიკოსი, წარმოადგენდე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას და დარბოდე, მაგალითად, ბრიუსელში იმისთვის, რომ ქვეყანამ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას არ მოაწეროს ხელი ან კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ეს ტყუილი ხომ არ არის? ეს კონკრეტულ ფაქტებზეა დაფუძნებული. კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ სურვილი, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეჩერებულიყო, ქვეყანა დაესანქცირებინათ და ა.შ. ყველაფერი სახეზეა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც აქვს სურვილი, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, სიმშვიდე იყოს და მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. მეორე მხარეს კი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც იმართება გარედან და ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს. ისინი არიან ჩვეულებრივი მოღალატეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ოფისის გახსნის დროს პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე ნიკა მელიას თავს დაესხნენ

თუ მათ წინააღმდეგ ხელს გავიქნევთ, ხელს შევუწყობთ, რომ პოლიტიკურად გაცოცხლდნენ. „ნაცებზე“ მეტად ეს ყველაფერი არავის აწყობს, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კოალიცია „ცვლილებებისთვის” ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტი.

მდინარაძე „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და მხარდაჭერებს მოუწოდებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ „ხელის ქნევას თავი დაანებონ“ იმიტომ, რომ ეს მათ წისქვილზე ასხამს წყალს.

„მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, არა მხოლოდ ჩვენი აქტივისტების წარმომადგენლებს და მომხრეებს, ნებისმიერს, თქვენი ყველა ხელის გაქნევა „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ლიდერის თუ წარმომადგენლის წინააღმდეგ, ემსახურება „ნაცების“ საქმეს. შეიძლება, ვიღაც გულწრფელად იყოს გაბრაზებული და ასე მოქმედებდეს, არ ვიცი ამ შემთხვევაში ამასაც გამოკვლევა სჭირდება. რაც არ უნდა ნეგატიური ემოცია გამოძრავებდეთ, რაც არ უნდა გამწარებული იყოთ, თუკი მათ წინააღმდეგ ხელს გაიქნევთ, ეს აუცილებლად მათ გამოადგებათ, როგორც ახლა გამოადგათ. საერთოდ ჩამკვდრები იყვნენ, არაფერი ხდებოდა, დაბოდიალობდნენ წინ და უკან, ყველა მათგანი, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობაც“ ცდილობს 5-პროცენტიან ბარიერს რაღაცნაირად მიუახლოვდეს. მეტი მიზანი მათ არ გააჩნიათ. თუ მათ წინააღმდეგ ხელს გავიქნევთ, ხელს შევუწყობთ, რომ პოლიტიკურად გაცოცხლდნენ. „ნაცებზე“ მეტად ეს ყველაფერი არავის აწყობს.

თუ გუშინ და გუშინწინ პარლამენტში მიპარვით გაქნეული ხელი (მე შემიძლია ამაზე ლაპარაკი) არ იყო ვაჟკაცური საქციელი და ყველას მხრიდან არაკაცურად შეფასდა, ახლა მთლად ვაჟკაცური საქციელი ვერ გამოდგება, ამიტომ ყველას ვთხოვ ნუ გააკეთებენ „ნაცების“ საქმეს და მათ წინააღმდეგ ხელის ქნევას თავი დაანებონ იმიტომ, რომ არაფერი უფრო მეტად მათ წისქვილზე წყალს არ დაასხამს, ვიდრე ეს მოქმედება“,- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ნიკა მელიაზე თავდასხმას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

„რაც შეეხება რეაგირებას, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. დეტალურად არის გამოსაკვლევი, არის თუ არა ვინმესთან რამე კონტაქტი. რაღაც ინფორმაციები არსებობს, რაზეც ხვალ და ზეგ უფრო თამამად ვილაპარაკებ. რაღაც კონკრეტული ინფორმაციები მეც მაქვს, მაგრამ ხვალ და ზეგ უფრო თამამად ვილაპარაკოთ. ჯერ თავად „ნაცებმა თქვან“, რამე კონტაქტი ხომ არ არსებობს, რამე ბმა ხომ არ არსებობს, რამე ხომ არ ხდება და შემთხვევით არის თუ არა ეს ყველაფერი. იმ ახალგაზრდა კაცს, რაც ჩაიდინა იმაზე მეტი არ მინდა რამე დავაბრალო, ჯერ გავარკვიო და მერე ვილაპარაკებ ამაზე“,- განაცხადა მდინარაძემ.

გუშინ, 11 აგვისტოს, სამტრედიაში კოალიციის რაიონული ოფისის გახსნის შემდეგ, კომენტარის მიცემის დროს, თავს დაესხნენ ნიკა მელიას. პარტია „ახლის“ გავრცელებულ კადრში ჩანს, რომ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ნიკა მელიასთან მიდის ახალგაზრდა კაცი, რომელიც მას სახის არეში არტყამს მუშტს და აგინებს. კაცის იდენტიფიცირება შესაძლებელია.

ამ ძალადობის შემთხვევის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით.

მსგავსი პოსტები

Back to top button