მნიშვნელოვანირეგიონი

“მეფუტკრეობისთვის ხელის შეწყობის ნაცვლად, სკების დადგმაზე ფასი დააწესეს”

“მეფუტკრეობისთვის ხელის შეწყობის ნაცვლად, სკების დადგმაზე ფასი დააწესეს. ასე მეურნეობა როგორ უნდა გაფართოვდეს?”- მეფუტკრეები თაფლის წარმოების მოსალოდნელ შემცირებაზე საუბრობენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის მოწყობას, მეფუტკრეები მხოლოდ საფასურის გადახდით შეძლებენ.

მთავრობამ ცვლილება ,,ტყითსარგებლობის წესის შესახებ’’ N221 დებულებაში შეიტანა.
ეროვნული სატყეო სააგენტო ამტკიცებს, რომ ცვლილება, მეფუტკრეებს სერტიფიცირებული პროდუქციის ექსპორტზე გატანაში დაეხმარება.

„ სექტორის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან გაჩნდა მოთხოვნა ქართული თაფლის ექსპორტის განხორციელებისთვის საჭირო დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებაზე, ხოლო ტყის მართვის ორგანოს ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნდა, ახალი კოდექსით შემოვიდა სარგებლობის სახე – ფუტკრის დროებითი სადგომის მოწყობა.ტყის რესურსისა და ტყის მიწებით სარგებლობა კომერციული მიზნით არის ფასიანი, შესაბამისად, საჭირო იყო სარგებლობის ფასის დადგენა, რაც სიმბოლურ თანხად, 1 ლარად განისაზღვრა”- განმარტავენ სააგენტოში.

საფუტკრე მეურნეობის მოსაწყობად, ფასის დაწესებას, მეფუტკრეები ხელისშემშლელ ფაქტორად განიხილავენ. ისინი, რადიო ჰერეთთან საუბარში ამბობენ, რომ მეურნეობის გაფართოება გაჭირდება და შესაძლოა, ამას პროდუქციაზე ფასის მატებაც მოჰყვეს.

” მას შემდეგ, რაც აკაციის ყვავილობა მორჩება, ფუტკარს სჭირდება ახალ- ახალი ყვავილი, რომ ნექტარი აიღოს. ამიტომ მეფუტკრემ თანდათან უნდა აინაცვლოს ისეთ ადგილებში, სადაც ფუტკარი ყვავილს მონახავს, ანუ უნდა ამთაბაროს, რომ თაფლი მიიღოს. ვისაც დიდი მეურნეობა აქვს, რამდენჯერმე დასჭირდება ადგილის შეცვლა. ტრანსპორტირებასაც ხარჯი უნდა და ადგილის საფასურიც სოლიდური მოუწევს. შესაბამისად, შესაძლოა, პროდუქციაზე ფასის გაზრდა მოუწიოს. ახლა, ერთი კილოგრამი თაფლი, 20 ლარი ღირს, არ გამოვრიცხავ, ფასი 25 ლარამდე გაიზარდოს. რეალიზაცია ხომ გართულდება? ანუ ყველაფერი იქამდე მიდის, რომ მეურნეობა ვერ გაფართოვდება, მეფუტკრეობას კი ხელშეწყობა უნდა, ქართული თაფლი, იმდენად საუკეთესო პროდუქტია, წარმოება უნდა გაიზარდოს, კი არ უნდა შემცირდეს. ერთი ეკითხათ ჩვენთვის, აზრი გვეთქვა და პრობლემებზე გველაპარაკა”- განაცხადა ერთ-ერთმა მეფუტკრემ.

ევროკავშირმა ქართული თაფლი ევროპულ ბაზარზე, 2016 წელს დაუშვა.
ქართულ თაფლს, კონკურენციას ევროკავშირში, არგენტინული, მექსიკური და ავსტრალიური თაფლი უწევს, რომელიც ბევრად იაფია.

სპეციალისტები თვლიან, რომ საქართველოში თაფლის წარმოება, სკების , თაფლის შესანახი ჭურჭლის, პესტიციდების მაღალი ფასის გამო, ისედაც ძვირია.
მეფუტკრეების აზრით, გამოსავალი, უფრო მსხვილი მეურნეობების შექმნაშია, რასაც გადასახადების დაწესება, პირიქით, ხელს უშლის.

მსგავსი პოსტები

Back to top button