მექსიკაში კრიმინალურმა დაჯგუფებამ საქართველოს 30-მდე მოქალაქე გაიტაცა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება კავშირზეა მექსიკის საემიგრაციო სამსახურთან და არკვევს საქართველოს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს.
ქართველები, რომლებიც აშშ-ში შესვლას არალეგალურად გეგმავდნენ, კრიმინალური ჯგუფის ხელში აღმოჩნდნენ. არსებული ინფორმაციით, მექსიკურ ნარკოკარტელს 30-მდე ქართველი მძევლად ჰყავს აყვანილი.
გატაცებულთა ახლობელი მედიასთან ამბობს, რომ ტყვეობაში მყოფებზე ფიზიკურად ძალადობენ და გამოსასყიდს ითხოვენ. მისი თქმით, ფულს ნარკოკარტელი ე.წ. გადამყვანისგან ითხოვს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, რომლებმაც ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მიმართეს საელჩოს.
„საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
არსებული ინფორმაციით, მექსიკის საზღვართან გატაცება მოხდა უკვე სამი დღეა სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, 30-მდე ქართველი მექსიკურ ნარკოკარტელს ჰყავს დაკავებული. გატაცებულებს შორის არიან ქალებიც. გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ.