მნიშვნელოვანისიახლეები

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ნაციონალური მოძრაობის წევრები და მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ

კლინიკა ვივამედთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება – იქ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ნაციონალური მოძრაობის წევრები და მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები რომლებიც იქ საქართველოს, უკრაინის, აშშ-ისა და ევროკავშირის დროშებით მივიდნენ.

“მიხეილ სააკაშვილს ციხეში ამყოფებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანმა შეძლო და შეებრძოლა რუსულ ბოროტების იმპერიას, ციხეში ამყოფებენ იმიტომ, რომ არ გაიქცა ამ ქვეყნიდან, არ დატოვა სრულიად საქართველო რუსებთან პირისპირ და არ ააფრიალებინა რუსებს რუსული დროშა.

ის ციხეში ჰყავთ იმიტომ, რომ პირველი იყო ეს ადამიანი, ვინც გამოვიდა, პარლამენტის წინ აღმართა ევროკავშირის დროშა და თქვა – “საქართველო არასდროს იქნება რუსეთი, საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა”, – თქვა პარტიის წევრმა ირაკლი ნადირაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რეგიონში დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი, რადგან მისი გამოცდილებისა და ავტორიტეტის მქონე პოლიტიკოსი სჭირდება მსოფლიოს.

ენმ-ის ლიდერები ასევე აპროტესტებენ სადეპუტატო უფლების შეზღუდვას, რომლითაც მიხეილ სააკაშვილთან შესვლა და მისი მონახულება უკვე რამდენიმე თვეა აღარ შეუძლიათ.
ამასთან, როგორც ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რამდენიმე თვეა პარლამენტის წევრებს ნაციონალური მოძრაობიდან მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლებას არ აძლევენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, სამომავლოდაც ჩატარდება აქცია, მოთხოვნით- „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“. შესაბამისად, მისვე თქმით, ამ მოთხოვნის გარშემო საზოგადოების ყველა ის წარმომადგენელი გაერთიანდება, ვისთვისაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა ღირებულია.

„მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რუსული რეჟიმის, პუტინის რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, მას აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო აქტებში. ყველა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები, საფრანგეთის პრეზიდენტი, პოლონეთის სეიმი, ლიტვის სეიმი, ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია აღიარებს მიხეილ სააკაშვილს, როგორც პუტინის პირად პატიმარს და ითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ამიტომ, ჩვენი საზოგადოების მოთხოვნაა, მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. საქართველოს პრეზიდენტს აქვს ამის კონსტიტუციური ბერკეტები, ხელისუფლებას უნდა ჰყოფნიდეს პოლიტიკური ნება და გონივრულობა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით უზრუნველყოს ის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი”,- განაცხადა ბეჟაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვივა მედის საკნად გადაკეთებული პალატიდან ეხმაურება მის მხარდამჭერ აქციას, რომელიც ამ წუთებში კლინიკასთან მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს პალატის ფანჯრიდან თეთრი ფურცლით მიესალმა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება აქციები მიხეილ სააკაშვილს გათავისუფლების მოთხოვნით როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან.
სახალხო დამცველის კონსილიუმის თებერვლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ 5-7 კილოგრამის დაკლების შემთხვევაში, საწოლზე მიჯაჭვული გახდება. დასკვნის თანახმად, მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები.

კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილს აქვს სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია, ასევე, ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.

მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის წინა დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და ექიმებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორებიც ითხოვენ. ამის შესახებ საუბარი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, სადაც დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ მისდამი მოპყრობა იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისთვის, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომ გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით.

მსგავსი პოსტები

Back to top button