მესტიამ მიხეილ ხერგიანის მემორიალს უმასპინძლა
მესტიაში სახელოვანი მთამსვლელის – მიხეილ ხერგიანის ტრადიციული მემორიალური ტურნირი კლდეზე ცოცვაში ჩატარდა, სადაც მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონის, ასევე აზერბაიჯანისა და თურქეთის უძლიერესმა მეკლდეურებმა მიიღეს.
მემორიალურ ტურნირში სულ 61 სპორტსმენი გამოდიოდა, შეჯიბრი სამ სახეობაში – რთულ ცოცვაში, სწრაფ ცოცვაში ხელოვნურ კედლებზე და მიხეილ ხერგიანის საყვარელ სახეობაში – ბუნებრივ კლდეებზე ინდივიდუალურ ცოცვაში გაიმართა.
ბუნებრივ კლდეზე ცოცვაში გამარჯვებულ სპორტსმენებს ფულადი პრიზები – 1000-1000 ლარი გადაეცათ.
ჩემპიონატს მესტიის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია.