მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მეუფე იაკობი სიღნაღში ტერიტორიების ეპარქიისთვის გადაცემას ითხოვს

ეპისკოპოსი იაკობი, სიღნაღში, მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული ტერიტორიების, ბოდბის ეპარქიისათვის გადაცემას ითხოვს. ეპისკოპოსი აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე წარსულში, ეკლესიები მდებარეობდა.

„სიღნაღში ორი ტაძარი იყო, ერთი ცენტრში და მეორე მუზეუმის მხარეს, რომელიც კომუნისტების დროს დაანგრიეს. დააჩქარონ ამ ტერიტორიების გადმოცემა და გაზაფხულზე მშენებლობას დავიწყებთ. რადგან გვეკუთვნის, კეთილი ინებონ და გადმოგვცენ “- აღნიშნა სასულიერო პირმა, ქადაგებაზე, ხირსის მონასტერში.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ოფიციალური განცხადებით, ტერიტორიების ეპარქიისათვის გადაცემის მოთხოვნით, მეუფე იაკობს არ მიუმართავს.

მერის მოადგილე, მადონა ბატიაშვილი, რადიო ჰერეთთან აცხადებს, რომ ტერიტორიების შესახებ, არაოფიციალური საუბარიც არ ყოფილა.

“არც ოფიციალური მომართვა და არც საუბარი ტერიტორიების გადაცემაზე, არ ყოფილა. მას ჩვენთან ხშირად აქვს კომუნიკაცია, მაგრამ ამ საკითხზე არც გვისაუბრია. აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით, რა ტერიტორიებს ითხოვს”- განაცხადა ბატიაშვილმა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ერთ- ერთი პარკი, სადაც ეპისკოპოსი, შემდგომში, ეკლესიის მშენებლობას გეგმავს, ეგრეთწოდებული “ინგლისური პარკია”.

პარკი, სიღნაღში, 2007 წელს, ქალაქის რეაბილიტაციის შემდეგ გაიხსნა.

ადგილობრივების გადმოცემით, პარკის ადგილას, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე, ეკლესია მართლაც არსებობდა, რომელიც შემდგომში დაანგრიეს.

რაც შეეხება, სიღნაღის მუზეუმთან არსებულ ტერიტორიას, მიმდებარედ, თავისუფალი მიწები არ არის. თავად დაწესებულება ეროვნული მუზეუმის ფილიალია და იქ უნიკალური, ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მასალაა დაცული. ასევე მუზეუმში ინახება, კახეთში ჩატარებული ექსპედიციების შედეგად მოპოვებული არქეოლოგიური ნიმუშები, ქვის ხანიდან, ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნემდე.

მუზეუმის უმთავრეს ღირსშესანიშნაობას, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების კოლექცია წარმოადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button