მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მეუფე ტყის გადაცემაზე: “ეს ღვაწლია ეკლესიის”

“ეს სულაც არ არის პრივილეგია, ეს ღვაწლია ეკლესიის”. – განაცხადა მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლ კაციამ საპატრიარქოსთვის ტყის მასივების გადაცემის კომენტირებისას.

მეუფე გრიგოლ კაციას განცხადებით, საუკუნეებია, ეპარქია ინარჩუნებს ტყეს და ამრავლებს.

„სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი ზუსტად რა კანონზეა საუბარი. უფრო კარგად ვიცი სიტუაცია წალკაში, სადაც არის 40 სოფელი და ყველა სოფელში არის ქართული ტაძარი ან ნატაძრალი, სადაც ახლა ეთნიკური დასახლებებია, მით უმეტეს, საზღვარზე სულ არის ციხე-სიმაგრეები და მონასტრები. მარტვილის მონასტერი მერვე საუკუნიდან არსებობს და საუკუნეები ეპარქია ინარჩუნებს ტყეს და ამრავლებს. მიუხედავად იმისა, რომ შემოსევების დროს დაუნგრევიათ და გადაუწვავთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიები, ჩვენი ეკლესია და ქართველი ერი ყოველთვის ერთად ზრუნავდა მათ გადარჩენაზე და ეს არის კარგი მაგალითი ჩვენთვის. პატრიარქი მუდამ ქადაგებს, რომ დავრგოთ ხეები და ასე შევინარჩუნოთ მწვანე ზოლი მომავალი თაობებისთვის. შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ეკლესია რამეში გამოიყენებს ხე-ტყეს, მაგრამ ეს ასე არ არის. თბილისი მთაწმინდის გარეშე არ არსებობს, მცხეთა, – სვეტიცხოვლის, ქუთაისი, – გელათისა და ბაგრატის და ეს ადგილებია ზუსტად იმ ლამაზ ტერიტორიებზე. ეს სულაც არ არის პრივილეგია, ეს ღვაწლია ეკლესიის, საუკუნეები რომ იცავდნენ ტაძრების მიმდებარე ტერიტორიებს”. – განაცხადა მეუფე გრიგოლ კაციამ.

ეკლესიებისთვის ტყის ფართობების გადაცემაზე კომენტარი გააკეთა ასევე, ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ.

მისი თქმით, სამთავრობო სტრუქტურებში შეიქმნება კომისია და ის განიხილავს, რომელ ეპარქიას რამდენ ტყის მასივს მისცემენ.

„ჯერ არავისთვის არაფერი არ მიუციათ, ეს კანონი არის და უნდა განიხილონ, ვის მისცემენ, რამდენს მისცემენ. ეს უნდა განიხილოს შესაბამისმა კომისისამ, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებში შეიქმნება. ჩვენ ვთქვით, რომ გავუფრთხილდებით ამ ტყეს, მოვუვლით და მომავალ თაობას გადავცემთ. სხვა არანაირი დანიშნულება არ ექნება“. – განაცხადა მეუფე გერასიმემ.

როგორც ცნობილია, პარლამენტმა მესამე მოსმენით, „ტყის კოდექსის” კანონპროექტი დაამტკიცა. აღნიშნული კანონი ეკლესია-მონასტრებისთვის ტყის გარკვეული მასივების გადაცემასაც ითვალისწინებს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button