მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მგზავრთა ნაკადს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ განმარტებით, აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე. ასევე, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა, აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა და სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება.

„კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ გაცნობებთ, რომ 29 მაისიდან სრულად აღდგება კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა მომსახურეობა, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

“ამასთან ერთად, მოგახსენებთ, რომ COVID19 -ის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზენით, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე, ყოველდღე ჩაუტარებს დეზინფექციას. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ წინასწარ მადლობას უხდის მგზავრებს დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებისთვის“. – აღნიშნულია კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადებაში.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადს მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

„პირველ ეტაპზე არც ერთ შემთხვევაში არ გამოგვივა, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმ რეჟიმში იმუშაოს, როგორც იანვარში ან გასულ წელს მუშაობდა. გარკვეული შეზღუდვები იქნება, მაგალითად, დაცული იქნება მძღოლი ბარიერით, იქნება პირბადეები მოთხოვნილი და ამას გააკონტროლებენ როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, განსაკუთრებით, მეტროს შემთხვევაში. ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც ტრანსპორტში, ასევე მოხდება გაჩერებებიდან გაკონტროლება. ჯერჯერობით ახალი დავალებაა, რომ შეიძლება მოგვიწიოს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რომ არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება“. – განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერმა უშუალოდ მეტროს მუშაობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება, როგორც მეტროს ზედა, ისე ქვედა ვესტიბიულში.

„ადამიანების რაოდენობა მეტროს ვაგონებში არ უნდა გაკონტროლდეს. კონტროლი იქნება მეტროში შეშვებაზე. გვაქვს ყოველდღიური დაკვირვების შედეგად მონაცემები, როგორ იზრდება ნაკადები პიკის საათების და სეზონების მიხედვით. შესაბამისად, ამას დაარეგულირებს სატრანსპორტო კომპანია, რომლის აღსრულებაშიც დაგვეხმარება მუნიციპალური ინსპექცია, დაცვის პოლიცია და თბილისის საპატრულო პოლიცია.

“ძალიან რთულია იმის თქმა, რამდენი ადამიანი უნდა შევიდეს მეტროში ერთ შეშვებაზე. ყველა მეტროსადგურს და მიმართულებას თავისი დატვირთვა აქვს დროის და სეზონიდან გამომდინარე. ადამიანების რაოდენობის კონტროლი და დაკვირვება ხდება როგორც ზედა ვესტიბიულში, ასევე ქვედა ვესტიბიულში და თვითონ ვაგონებში. შესაბამისად, ამ ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გადაცემის შედეგად, შესაძლებელია მოხდეს, 2 წამის შუალედით, ზედა ვესტიბიულში ნაკადების შემოდინების შეზღუდვა. თუმცა, მე დღეს ვერ დაგიდასტურებთ, რომ გვექნება რაოდენობრივი კონტროლი. ასევე, ვერ დაგიდასტურებთ, რომ ამის საჭიროება იქნება. ჯერ კიდევ ისიც გაურკვეველია, რა რაოდენობის მოთხოვნა წამოვა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე იმ ფონზე, რომ ჯერ კიდევ არ არის ეკონომიკური საქმიანობები სრულად გახსნილი. აქედან გამომდინარე, ფორსმაჟორულ, ონლაინ რეჟიმში მოგვიწევს ოპერატიული მუშაობა და სიტუაციიდან გამომდინარე, – გადაწყვეტილებების მიღება. საფრთხეები და რისკები რომ გათვალეს ეპიდემიოლოგებმა და გასცეს რეკომენდაცია გარკვეული შეზღუდვებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დაწყებაზე, ამის აღსრულების პროცესში ვართ“. – განაცხადა ხმალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button