მნიშვნელოვანისიახლეები

მიხეილ სააკაშვილის განცხადებები სასამართლო დარბაზიდან

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიტყვა განსასჯელის სკამიდან – მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ჩამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოშ ჩამოსვლის შემდეგ, ის რამდენიმე დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა. შეხვდა უამრავ ადამიანს, სანამ “მძევლად” აიყვანდნენ.

ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის, რომ საღ ჭკუაზე არ ვარ. რამ უნდა აიძულოს ადამიანი, ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა დადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაღწევის შანსი პრაქტიკულად ძალიან დაბალია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის ყველაფრის მიუხედავად ჩამოვიდა საქართველოში, სადაც მისივე თქმით, ზუსტად იცოდა, რომ შეიძლებოდა გზაში ვინმეს მოეკლა ან ჩაესვათ დილეგში, საიდანაც „ცოცხლად გამოშვების შანსი მინიმალურია“.

ექსპრეზიდენტმა შესავალი სიტყვის დაწყებამდე სასამართლოს ეზოს გარეთ შეკრებილებს მადლობა გადაუხადა.

ტყვედ აყვანამდე რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის, ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი და მოღუშული, პრაქტიკულად არ იღიმება, ხალხი არის ძალიან გაუბედურებული და მე მინდა, გითხრათ თქვენ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო – არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნით სიამაყით განცდა?! ტემპი და დრაივი განვითარების? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა? არ მოგენატრათ სიყვარულო და სითბო? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის, რაც ახლა ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ…!” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებები სასამართლო პროცესზე

“მე მინდა დავიწყო იმით, თუ რატომ ვარ ამ დარბაზში და რატომ ვარ დღეს საქართველოში” – მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში მიმდინარე პროცესზე განცხადება გააკეთა.

“მე მინდა დავიწყო იმით, თუ რატომ ვარ ამ დარბაზში და რატომ ვარ დღეს საქართველოში. აქ ვარ იმიტომ, რომ თქვენ იცით, რომ მე ვარ ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნაში, იმ საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, რომელიც ყოველთვე იკრიბება, ახლა უკვე ორი თვეა არ შეკრებილა გასაგები მიზეზების გამო, რომელსაც ესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი, რომელშიც შედის უკრაინის პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, სპიკერი პარლამენტის, ყველა მინისტრი, გენერალური პროკურორი და რომელიც დაკავებულია იმით, რომ ამზადებს უკრაინის პარლამენტისთვის აუცილებელ რეფორმებს.

ჩემი ჩაწოდებით და ჩემი მომზადებული რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კანონი მიიღო ვერხოვნაია რადამ, ეს არის მიწის საკუთრების შესახებ კანონთა მთელი კრებული, სამშენებლო ნებართვების შესახებ, რომელიც არ აწყენდა არც საქართველოს, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი კორუფციაა ამ სფეროში, ელექტროენერგიის შესახებ და ახლა წასვლის წინ დავუტოვე სწორედ უკრაინის ეკონომიკის თავისუფლების აქტი, რომელიც საქართველოში მქონდა და გაუუქმა ამ მთავრობამ, ასევე, დავუტოვე უკრაინის ჯანდაცვის რეფორმების ფუნდამენტური პაკეტი. მე უკრაინაში მეკავა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, უფრო მეტიც, მაგალითად იპსოსის გამოკითხვით ვიყავი, ხალს, როცა ეკითხებოდნენ, მთავარი, პირველ ადგილზე ვის ხილვას ისურვებდნენ უკრაინის პრემიერმინისტრად, და უფრო მეტიც, ორჯერ მაქვს ნათქვამი უარი უკრაინის პრემიერმინისტრობაზე პრეზიდენტ პოროშენკოს დროს, მინიმუმ ორჯერ.
რაც შეეხება მატერიალურ მხარეს, არასდროს არ ვყოფილვარ ასე კარგად, როგორც უკრაინაში. სახლიც მქონდა კარიც მაქვს, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც, მთელ მსოფლიოში ვკითხულობდი ლექციებს, მაგალითად ამას წინად მექსიკაში ყველაზე ფეშენებელურ კურორტზე 600 მილიონერ და მილიარდერს წავუკითხე ლექცია საგადასახადო კოდექსზე, და რა თქმა უნდა, ყველა ამ ლექციებში მიხდიდნენ ბევრ ფულს.
ამგვარად მე ყველაფერი გვერდზე გავწიე, უარი ვთქვი დროებით ყოველ შემთხვევაში და ჩამოვედი საქართველოში სადაც ზუსტად ვიცოდი, რომ ჯერ ერთი შეძლებოდა გზაში მოვეკალი, ჩამოსვლისას მოვეკალი, როგორც ეს უქნეს ზვიად გამსახურდიას, ან დილეგში ჩავესვი, საიდანაც ჩემი ცოცხლად გამოსვლის შანსი, როგორც ყველა დავრწმუნდით ამას წინათ, არის მინიმალური. ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის ამ ყველაფერზე, რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე, რა უნდა აიძულოს ადამიანი, რომ ყველა ზემოთ ხსენებულზე, ყველაფერი, ფუფუნება, პატივისცემა, თანამდებობა, ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში გადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაძვრენის შანსი არის პრაქტიკულად ძალიან დაბალი”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ხალხს უკრაინულ ენაზე მიმართა.

სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ ენაზე გამოსვლა გააპროტესტა საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა. მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის საუბარი არ ესმით და ადვოკატს განმარტება მოსთხოვა.

რაზეც ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ აღნიშნა, რომ ეს არის პოლიტიკური განცხადება და „ნუ გავაწყვეტინებთ“.

ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის უკრაინის მოქალაქეა და კანონით შეეძლო უკრაინულ ენაზე გამოსულიყო.

„კანონით მე შემეძლო, საერთოდ უკრაინულად მელაპარაკა და თარჯიმანი უნდა მოგეყვანათ. ამ ყველაფერს ქართულადაც გავიმეორებ“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ასევე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე პროკურატურის წარმომადგენლებსა და სააკაშვილის უფლებადამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კამათი მიხეილ სააკაშვილის სიტყვის ხანგძლივობას უკავშირდება – ბრალდების მხარემ ექსპრეზიდენტს სიტყვა შეაწყვეტინა, ექსპრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია კი მისი ხანგძლივობის 1 საათამდე გაზრდას ითხოვდა.

საბოლოოდ, მოსამართლემ ექსპრეზიდენტს მისცა უფლება, სიტყვა გაეგრძელებინა რამდენი ხანიც მას სურდა.

მოსამართლემ არგუმენტად მოიყვანა ის, რომ ამ საქმის განხილვა მიხეილ სააკაშვილის დაუსწრებლად მიმდინარეობდა წლების განმავლობაში და ექსპრეზიდენტს უფლება აქვს, განცხადება გააკეთოს დროში შეუზღუდავად.

სააკაშვილის სასამართლო პროცესზე პროკურატურის წარმომადგენლებსა და სააკაშვილის უფლებადამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. AUDIO

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესი 7 ნოემბრის საქმეს უკავშირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button