ანალიტიკამნიშვნელოვანირეგიონირეპორტაჟისაქართველოსიახლეები

მილიონებად გაყიდული ბათუმის ავტოსადგური

რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"

ბათუმის ავტოსატრანსპორტო ქსელის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა, ფინანსური აღრიცხვის არარსებობა, ეკოლოგიური საფრთხეები და კიდევ ბევრი სხვა საკითხია, რომელიც სისტემურ ჩარევას მოითხოვს. დაარეგულირებს თუ არა ამ პროცესებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის თანახმადაც ავტოსადგურებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს გარკვეული ვალდებულებები ეკისრებათ? ამ კითხვაზე მძღოლები დუმილს ამჯობინებენ, ნაწილი კი, აგრესიით და ირონიით გვპასუხობს.

მძღოლი:

„მოვხუცდი მე, 80 წლის ვარ. შემეშვი. ამდენი წელია, არ გაკეთებულა არაფერი. ახლა გინდა გააკეთო? ჩემი სიტყვით?“

ბათუმის ავტოსადგური

„არა მარტო თქვენი.“

მძღოლები:

„ნუ მიწყენ, შენ შემოგევლე. ტყუილად ლაპარაკობ.“

„კი, რად უნდა მაგას… ვალდებულება ჩვენც ვიცით…“

„ვის რა სჯერა თქვენი? ვინ დაიჯერებს ჩვენსას?“

„ერთი მგზავრი არ მყავს ბახმაროზე. მივდივარ მაინც.“

ახალი რეგულაციებს მიხედვით, 20 წლის წინანდელი სამარშრუტო ტრანსპორტით მგზავრის გადაყვანა აიკრძალება. ბახმაროში მიმავალი ავტობუსის მძღოლი ბატონი ოლეგი ამბობს, რომ ახალი რეგულაციების შემდეგ მას საქმიანობის შეჩერება მოუწევს.

ჟურნალისტი:

„ახლა რომ ვალდებულება იქნება… თუ არ გჯერათ, რომ …“

მძღოლი:

„დავანებებ თავს, მაინც პენსიაზე გავდივარ.“

მძღოლი:

„გაგვაჩერებენ, გაგვაჩერებენ…“

ახალი კანონი ავტოსადგურების ადმინისტრაციას მძღოლების ჯანმრთელობის და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობასაც მოსთხოვს. მგზავრები ამ რეგულაციებს მიესალმებიან.

მგზავრი:

„ყველასთვის ხელმისაწვდომია ეგრეთწოდებული ფსიქოტროპული საშუალებები რასაც ჰქვია… და უნდა შემოწმდეს მძღოლი ალკოჰოლურ თრობაზე, ნარკოტესტიც უნდა გაიაროს.“

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმში სულ 5 ავტოსადგური აქვს რეგისტრირებული. აქედან სამს საკუთარი ავტოსადგომიც კი არ აქვს და სამარშრუტო ავტობუსები ქალაქის ავტოპარკინგზეა განთავსებული. ბათუმის ცენტრალურ უბანში, წერეთლის 4 და  6 ნომერში მოწყობილი ე.წ. ავტოსადგურების წინ, ერთმანეთის მიჯრით მდგომი მანქანების სიმრავლეს მერიის შესაბამისი სამსახური არ იმჩნევს. მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი არჩილ კონცელიძე ამბობს, რომ ამ სადგურებს მუნიციპალიტეტთან ვალდებულებები არ აქვს, მათ არც იჯარის ხელშეკრულება აქვთ და მათი კონტროლი ინსპექციის კომპეტენციაში არ შედის. თუმცა, ოფიციალურ ჩაწერაზე კონცელიძე უარს გვეუბნება.

ბათუმის საკრებულოს დეპუტატი პარტია „ლელოდან“ ვაჟა დარჩია კი, მიიჩნევს, რომ მუნიციპალური ინსპექცია ყველა იმ სუბიექტს უნდა იკვლევდეს და აჯარიმებდეს, ვინც ბიზნეს საქმიანობას ეწევა და გადასახადს თავს არიდებს.

ბათუმის საკრებულოს დეპუტატი პარტია „ლელოდან“ ვაჟა დარჩია:

„იქ არანაირი ზედამხედველობა, კონტროლი ამათი არ ხდება. მათ შორის, არ ხდება არც ცენტრალური მხრიდან და მუნიციპალიტეტი საერთოდ ემიჯნება პასუხისმგებლობის აღებას. მუნიციპალურ ინსპექციას ისეც ბევრი საქმე აქვს, შეიძლება დღეს… დაკისრებული წესით და რიგით. თუმცა, მე მგონი, ესეც მათ უნდა ევალებოდეს.“

დარჩია იმასაც ხსნის, თუ რატომ შეიძლება არ აჯარიმებდეს მუნიციპალიტეტი ამ სადგურების მფლობელებსა და მძღოლებს.

ბათუმის საკრებულოს დეპუტატი პარტია „ლელოდან“ ვაჟა დარჩია:

„განცდა რჩება, რომ პირიქით, მფარველობს მუნიციპალიტეტი ამ ხალხს. იმიტომ, რომ ხშირად იყენებს ამ ხალხს მუნიციპალიტეტი და ყველაზე მარტივი ამბავი იყო ის, რომ 29 აპრილს ბათუმში, არც სოფლებში და არც ქალაქში, ეგრეთწოდებული „მარშრუტკები“ არ დადიოდა. იმიტომ, რომ ყველა წაყვანილი იყო „ქართული ოცნების“ აქციაზე.“

ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, წერეთლის ამ ორ სადგურს და მესამეს, რომელიც ბაქოს ქუჩაზე, ასევე ქალაქის ავტოპარკინგზეა მოწყობილი, მეორე კატეგორიის სადგურის ლიცენზიის მოსაპოვებელი ვალდებულების შესრულება მოუწევთ. გარდა იმისა, რომ მათ არ აქვთ შესაფერისი ფართი სამგზავრო დარბაზის, სველი წერტილის, მძღოლების მოსასვენებელი ოთახის, ბავშვთა და დედათა ოთახის თუ სხვა ტიპის სერვისების მოსაწყობად, ისინი ბაქნების თუ ავტოსადგომის მოედნის მოწყობასაც ვერ უზრუნველყოფენ.

რაც შეეხება ბათუმის მთავარ სადგურს, რომელიც მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარეობს და საქალაქთაშორისო გადაყვანის გარდა, მგზავრების უცხოეთში ტრანსპორტირებასაც ემსახურება, მასში ათეულობით წელია არაფერი შეცვლილა.

მგზავრები:

„რაც შეეხება ავტოსადურს, აქ რამეს ხედავთ მოსაწონს თქვენ? არაფერი არ მომწონს, ყველაფერი შესაცვლელია აბსოლუტურად.“

„უძლებს ხალხი, მაგრამ რა ქნას? რაცაა, ისაა.“

ბათუმის ავტოსადგური

„ხომ უყურებ, როგორი სიბინძურეა და როგორი უწესრიგობაა. მაგას უნდა გამოსწორება. არაფერი არ შეცვლილა. ეგ კომუნისტებმა რაც გააკეთეს, იმის მერე არაფერი გაკეთებულა.“

„ავტოსადგურზე აკეთებ? მე ვიფიქრე, მთავრობაზე აკეთებ რაცხას მეთქი და მთავრობა უნდა შეიცვალოს. ეს პირველ რიგში. ძველი [ავტობუსი] არ უნდა დადიოდეს, რა თქმა უნდა. აგერ ახლა, შუახევი-ახალდაბა რომ დადის, ჩვენი „რაფი“, ძველია.“

„თვითშეგნების ამაღლებაა საჭირო. შეხედე, ასეთი სიბინძურე რომ ყრია, ადამიანებმა უნდა შეიგნონ, რომ ეგრე არ შეიძლება. დანარჩენი რა ვიცი… ყურადღება უნდა მიექცეს, პირველ რიგში, სისუფთავეს და ინფრასტრუქტურას. უფრო გაუმჯობესებული უნდა იყოს. მართლა უნდა შემოწმდეს და არა ისე, ლაითად. და მერე მძღოლების კვალიფიკაციაც უნდა შემოწმდეს.“

არჩილ ხაბაძე

რადიო „თბილისს“ კონფიდენციალურად მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ავტოსადგურის წილები გაიყიდა და მის ადგილას, შესაძლოა, კორპუსები აშენდეს. ჩვენი მოკვლევით, დადასტურდა, რომ ავტოსადგურის ერთ-ერთი ახალი მეწილე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეა. მასთან ერთად, წილების მფლობელად დარეგისტრირდა სამშენებლო კომპანია „გუმბათი ჯგუფის“ მფლობელი ლაშა ბალაძეც. სააქციო საზოგადოება „ბათუმის ავტოსადგურის“ 54 პროცენტის მფლობელი „ფერტუნა სტეიშენია“. კომპანიის წარმომადგენელი უშანგი აბულაძე ამბობს, რომ არჩილ ხაბაძემ და მისმა პარტნიორმა ერთი მეწილე გაისტუმრეს და მას მილიონი დოლარი უკვე გადაუხადეს. დანარჩენის გასტუმრებას კი, აგვისტოს ბოლოს გეგმავს.

ბათუმის ავტოსადგურის ბუღალტერი უშანგი აბულაძე:

„ოღონდ, ჯერ თანხა არ არის ანაზღაურებული, დღეის მდგომარეობით. და 14 აგვისტომდე, ესეც უნდა შესრულდეს.“

ბათუმის ავტოსადგური

არჩილ ხაბაძე და მისი პარტნიორი  ავტოსადგურის მეწილეები რომ გახდნენ, ეს საჯარო რეესტრის ამონაწერიდანაც დასტურდება. ამონაწერში ვკითხულობთ, რომ მათ „ფერტუნა სტეიშენის“ 54 პროცენტიანი წილის ნახევარი უკვე შეიძინეს. ნაწილზე კი, პირობიანი ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული და თანხის გადახდის შემდეგ გადმოიფორმებენ. სადგურის 30 პროცენტიანი წილი აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. კერძო მფლობელები ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაესხვისებინათ სახელმწიფოს წილი და არ შეექმნა ბარიერი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, მით უმეტეს, რომ შესაბამისი დეტალური გეგმა მთავრობას მიაწოდეს.

ბათუმის ავტოსადგურის ბუღალტერი უშანგი აბულაძე:

„რახან სამშენებლო კომპანია არის „გუმბათი“, შესაძლებელია, ეს დაინგრეს და ამ ადგილას აშენდეს კორპუსები.“

„რატომ გაყიდეს ამ მეწილეებმა…?“

ბათუმის ავტოსადგური

ბათუმის ავტოსადგურის ბუღალტერი უშანგი აბულაძე:

„მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ, რომ აქაური ინფრასტრუქტურა, კი დაინახავდით, რა დღეშია. ამის მოგვარებას თანხები სჭირდება, რომელსაც აქაური შემოსავლები ვერ აუვა. მთავარი პრობლემა მაინც არის სახელმწიფოს წილი. ეს რატომ არის დარჩენილი, პასუხს, ალბათ, ეგენიც ვერ გაგცემენ. საიდან დარჩა, რატომ არ გაყიდეს აქამდე… არც ერთი ინვესტორი არ შემოდის მაგის გამო. ამათ რატომ გარისკეს, ვერ გეტყვი. რა გარანტიები აქვთ? არავინ არ იცის. ყველა ერიდება მაგათთან ურთიერთობას. იმიტომ, რომ უარგუმენტო უარია ყველაფერზე.“

შეუნარჩუნებს ის ავტოსადგურს ფუნქციას თუ თავის მშენებელ კომპანიონთან ერთად, ტერიტორიას კორპუსების ასაგებად გამოიყენებს? შევეცადეთ, ამ საკითხებზე თავად არჩილ ხაბაძეს გავსაუბრებოდით, მაგრამ მან მოგვწერა, რომ ყველა კითხვას აგვისტოს ბოლოს გასცემს პასუხს.

ბათუმი ცენტრალი

ბათუმის კიდევ ერთი პირველი კატეგორიის ავტოსადგური ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე მდებარე კომპანია „ბათუმი ცენტრალს“ ეკუთვნის, სადაც ასევე, ბათუმის ცენტრალური რკინიგზის სადგურია განთავსებული. აღნიშნული კომპანია ბათუმის რკინიგზის სადგურის მეპატრონეცაა. მფლობელმა საერთო ტერიტორიას 8 ჰექტარზე მეტი ფართი უკვე მოაკლო და იქ ცათამჯენების მშენებლობის ნებართვაც მიიღო. აღსანიშნავია, რომ ახალ მრავალფუნქციური კომპლექსს „ბათუმი ცენტრალის“ შვილობილი კომპანია, „თაუერ ჯგუფი“ აშენებს და მისი დირექტორი ასევე ყოფილი ჩინოვნიკი, ბათუმის მერის ყოფილი მოადგილე თენგიზ პეტრიძეა. „ბათუმი ცენტრალის“ 45 პროცენტს ბიზნესმენი გიორგი ჭყონია, 55 პროცენტს კი, შპს „გზა“ ფლობს, რომლის ასივე პროცენტიც, ასევე გიორგი ჭყონიას ეკუთვნის.

გიორგი ჭყონია „ქართული ოცნების“ აქტიური შემწირველია, მისი კომპანიებიდან სამი – Შპს „გზა”, შპს „ბათუმი ცენტრალი” და შპს „შატო კვირიკე” აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევებით, ბიზნესმენმა 2011-2023 წლებში, შემოსავლის სახით, 335 638 719 ლარი მიიღო.

გიორგი ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, ჯამში, 1 394 000 ლარი შესწირეს.

ოფიციალურად რეგისტრირებული ავტოსადგურების გარდა, ბათუმის სხვადასხვა ლოკაციაზე დამატებით დგას საქალაქთაშიროსო მოძრაობის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომლის აღრიცხვას არც ადგილობრივი ხელისუფლება და არც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ჩქარობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილებიდან უკვე წლებია, რეგულარულად სრულდება რეისები.

წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი „ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button