მნიშვნელოვანისიახლეები

“მინისტრის საათის” ფორმატში დღეს პარლამენტი ნათია თურნავას მოუსმენს

“მინისტრის საათის” ფორმატში დღეს საკანონმდებლო ორგანო ნათია თურნავას მოუსმენს. დეპუტატებს ექნებათ შესაძლებლობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს კითხვები დაუსვან.

სესიას დაესწრება როგორც უმრავლესობა, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის ძირითადი ნაწილი. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

“სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ მინისტრთან მთავარი კითხვები ენერგოუსაფრთხოებასთან და იმ გამოწვევებთან დაკავშირებით იქნება, რაც კონკრეტული პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვს.

ეკონომიკის მინისტრის ანგარიშის მოსასმენად და კითხვების დასასმელად ემზადებიან “მოქალაქეებიც”. ლევან იოსელიანის თქმით, მათი კითხვები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და იმ პრობლემებს შეეხება, რაც საქართველოს მოქალაქეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში აწუხებს

სახელმწიფო საკუთრებაზე და ხარჯების ეფექტიანობაზე შეეკითხება ნათია თურნავას “გირჩი”.
ეკონომიკის უწყების ხელმძღვანელისთვის კითხვების დასმას აპირებენ მმართველ პარტიაშიც.

როგორც “ქართული ოცნების” წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, მას ნათია თურნავასგან აინტერესებს თუ რა მდგომარეობაა ეკონომიკის ძველ, პანდემიამდელ კალაპოტში დაბრუნების კუთხით.

დარგობრივი კითხვების დასმას აპირებს ბექა დავითულიანიც. მისი თქმით, აინტერესებს რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია ნათია თურნავას რეგულაციების დაწესება იმისთვის, რომ ეკონომიკამ უფრო აქტიურად დაიწყოს მუშაობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button