მისი უდიდებულესობა ქალები – ლია კამლაძის ბლოგი
წყნეთში ვართ…
ე.წ. სამთავრობო აგარაკზე ვცხოვრობთ (ჩემი დეიდაშვილის წყალობით,- ,,იქ” მუშაობს…).
ჩვენ მოკრძალებულად ვართ (,,ძლიერთა ამა ქვეყნისა” ცოლ-შვილს არ ვიცნობთ,- ისინი ყველანი ერთმანეთის მეგობრები არიან)…მოკლედ, ვერ ვიტან ამ სიტუაციას.
საბედნიეროდ, არასდროს მქონია თანამდებობის გამო ადამიანების მიმართ გაურკვეველი მორიდება.
ერთი-ორი დღე გავუძელი და მერე ჯერ ერთთან გავაბი საუბარი არა,- ჭორაობა, მერე მეორე შემოგვიერთდა, მესამე და ასე გავმრავლდით…
ცოტა კი იწელებიან და იგრიხებიან, მაგრამ არც ისე ცუდები არიან…დავმეგობრდით…
უსაქმურობის გამო დავგეგმეთ მორიგეობით ერთმანეთთან სტუმრობა ჩაიზე, ოღონდ აუცილებლად ახალი ნაცნობიც უნდა იყოს მრავალფეროვნებისთვის…(ცხადია, ბიჭი სჯობია)…
ასე, ჭორაობა-სეირნობაში, ათასგვარ სულელურ თამაშებში გადის დრო…
ერთხელაც, მორიგი ,,ჩაიპიტიე” გვაქვს და ახალი სახე ქალია, წყნარი, უხმაურო…მომწყინდა, სალაპარაკო თემებიც ძველი და უინტერესოა და ასეთ დროს (როცა ვერ ვლაპარაკობ), ბევრს ვჭამ…ვჭამ და ვჭამ…
ამ დროს ყურში ცნობილი მსახიობის გვარი მომხვდა, გოგოები გაგიჟებული აქებენ….მე ამ მსახიობს ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ მის ბებიას, ქალბატონ ნინიჩკას და….ვცქვიტე ყურები.
საჩქაროდ დავანებე თავი ჭამას და იდუმალი ხმით და გამომეტყველებით ყველას ყურადღება მივიპყარი: ,,გოგოებო, იცით მესამე ცოლი რომ შეირთო?!”…და პასუხს არ ველოდები, ვაგრძელებ:,,შვიდი წლით უფროსი ყოფილა, შვილიანი, მსუქანი, ნინიჩკა ბებია (თავი მომწონს, რომ ბებიამისს ვიცნობ), ბანტოჩკიან ძროხას ეძახის”…
ჩემი ვარაუდით, აქ უნდა გაიცინონ, მაგრამ სრული სიჩუმეა და სიცილი კი არა და, მოწვეულ ქალბატონს თვალებში ცრემლები უგროვდება, სახეზე წითლდება და საცაა ვულკანი ამოხეთქავს…ვერ ვხდები რა ხდება…
გოგოები თვალებით რაღაცას მანიშნებენ…მაინც ვერაფერი გავიგე და პირდაპირ ამ ქალს ვეკითხები:,,რა ხდება, ცუდად ხომ არ ხართ?” …და აქ ფეხქვეშ ლამის მიწა გამისკდა: ,,მე ვარ ის ქალიო”….
ვაიიი…ეს ის სიტუაციაა, როცა ენა ჩამივარდა, ფერი წამივიდა და ვინატრე, რა მოხდება ცოტა ხნით გავქრე-თქო…
ქალბატონი უკვე ტირის, წამოდგა, სახლში შეიყვანეს…საღამო ჩავარდა, მაგრამ მე რა დღეში ჩავვარდი? (წარმოვიდგინე იმ ქალის ადგილზე რომ მე ვიყო)….
შევედი სახლში და სავარძელში ჩასვენებულ ქალთან მივედი, მივხვდი სიტყვები ზედმეტი იქნებოდა, მარტო ხელზე ხელი დავადე და ცოტა ხანში მან თითებზე მომიჭირა…ჩვენ უთქმელად გავუგეთ ერთმანეთს, ჩვენ მისი უდიდებულესობა ქალები ვართ და არცერთი კაცი არ ღირს ჩვენს ცრემლებად…