მნიშვნელოვანისიახლეები

მიუნხენიდან დაბრუნებულ ექს-პრემიერს აეროპორტში კვერცხებით და შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ

მიუნხენიდან დაბრუნებულ ექს-პრემიერს აეროპორტში კვერცხებით და შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ. გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, რომლებიც უსაფრთხოების კონფერენციას ესწრებოდნენ, გვიან ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გასასვლელ ზონაში სამოქალაქო აქტივისტები დაუპირისპირდნენ. პარტია “საქართველოსთვის” წევრები ინციდენტს მმართველ გუნდთან აკავშირებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ დაშინებას ამ მეთოდით ცდილობს.
ვიდეოკადრებში, რომლებიც რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა, ჩანს, რომ ამ პროცესს იქვე მყოფი რამდენიმე ადამიანი მობილური ტელეფონით იღებდა.

„USAID-ისგან აღარ ფინანსდებით?“ „გამყიდველი, უპრინციპო აგენტი აღარ ხარ?“ – ისმოდა პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარიასა და გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, ელგუჯა ხოკრიშვილის მისამართით კვერცხების სროლის დროს. შემთხვევა აეროპორტის შიდა სივრცეში მოხდა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს 1992 წლიდან ეხმარება – სამ ათწლეულზე მეტია, სააგენტო ჩართულია ქვეყნის მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაში. USAID-ის დაფინანსება საქართველოს მიღებული აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროსაც.
პარტიის, “გახარია საქართველოსთვის წევრი ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ აეროპორტში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ორგანიზებული „პარტიული ზონდერჯგუფი“ იყო მისული.

„გიორგი გახარიას ჩასაფრებით და ორგანიზებით ბიძინა ივანიშვილმა დაახვედრა ზონდერჯგუფი. მათ განახორციელეს ჩვენი გუნდის თავმჯდომარის და ჩვენი წევრის მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედებები. მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მაპროვოცირებელი შეძახილები. როგორც ჩანს, ივანიშვილს კატასტროფულად ეშინია იმის, რასაც გიორგი გახარია მას დაპირდა – ბიძინა ივანიშვილი დაკარგავს ფულსაც და ძალაუფლებასაც“, – თქვა ბექა ლილუაშვილმა.

დღეს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, რომ გახარიასთვის ზონდერჯგუფების მიგზავნა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიების მორიგი სამარცხვინო აქტია.

“პარტიული ზონდერჯგუფის წევრებს სპეცსამსახურებისგან წინასწარ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაციაც, რომელ ავიარეისს უნდა დახვედროდნენ და მათთან ერთად კოორდინაციაში მოქმედებდნენ. ზუსტად იცის ივანიშვილმა, რომ გიორგი გახარია პერსონალურად მას არ აპატიებს საქართველოს ღალატს და სწორედ ამიტომაა მასზე ასე გადამტერებული, ეს ისტერია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგია, სადაც წელს პირველად საქართველოდან არცერთი ოფიციალური პირი არ ყოფილა მიწვეული, ხოლო ქართველი ხალხის ინტერესს გიორგი გახარია და სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდნენ… ივანიშვილი მიუნხენის კონფერენციის შედეგებს აუცილებლად გამოცდის თავის თავზე. ვპირდებით, რომ დაკარგავს მისთვის ყველაზე ძვირფასს, ფულს და ძალაუფლებას, რომლის შესანარჩუნებლად კუთხეში მიმწყვდეული, ნიღაბჩამოცმული ძალადობს ახალგაზრდებსა და ქალებზე, ამწყვდევს საპატიმრო დაწესებულებებში და ყველა უღირსი და ამორალური მეთოდით ცდილობს მათთან ანგარიშსწორებას”- თქვა სიჭინავამ.

გახარიას დღეს სოლიდარობა “ნაცმოძრაობასა” და “ლელოში” გამოუცხადეს. თუმცა, კოლეგებმა ექს-პრემიერს ისიც შეახსენეს, რომ ამ დრომდე საპარლამენტო მანდატებზე უარი არ უთქვამს.

აეროპორტის ინციდენტზე სამართალდამცველებისთვის, ჯერჯერობით, გახარიას არ მიუმართავს, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღეს თქვა, რომ უწყება ფაქტით დაინტერესდება და მოკვლევას დაიწყებს.
აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან რაიმე სახის შემხებლობას გამორიცხავენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ხელისუფლება მსგავს ქმედებებს ოპონენტების ხელწერად მიიჩნევს. კანონმდებლების თქმით, გახარიასთან შესაძლოა კითხვები “ოცნების” მილიონზე მეტ მხარდამჭერს ჰქონდეს, გამოხატვის ფორმებს კი მოქალაქეები თავად ირჩევენ.
სახელისუფლებო გუნდში პროტესტის გამოხატვის მსგავს მეთოდს არ იწონებენ. თუმცა, ამბობენ, რომ გახარიას მხრიდან პოლიტიკური ღალატის მაგალითმა და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლამ საზოგადოების დიდ ნაწილში კითხვები გააჩინა.
გიორგი გახარიამ ძალადობაზე და ღალატზე, პირველ რიგში, საკუთარ თავში და პარტიაში მოიკითხოს – ძალადობა არ არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას კვერცხები ესროლეს.

მისივე თქმით, საზოგადოებამ ისიც ძალიან კარგად იცის, რომ გიორგი გახარია მიუნხენის კონფერენციაზე, ქვეყნის მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მსგავსად, ქვეყნის ღალატისთვის იყო წარგზავნილი.

„ჩვენ გვახსოვს, გახარიას მხრიდან შინაგან საქმეთა მინისტრობის პირობებში რა ნაბიჯები იქნა გადადგმული, როგორი პროცესები იყო მომიტინგეთა მიმართ, მისი მხრიდან რა იქნა გამოყენებული ამ კუთხით და როგორ. ეს კარგად გვახსოვს ჩვენ. ასე რომ, ძალადობაზე და ღალატზე გახარიამ პირველ რიგში, საკუთარ თავში და პარტიაში მოიკითხოს. ის, რომ გახარია მიუნხენის კონფერენციაზე, ზურაბიშვილის მსგავსად, ქვეყნის ღალატისთვის იყო წარგზავნილი, ესეც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება ძალადობას – ეს არ არის „ქართულო ოცნების“ ხელწერა, საკუთარ პარტიაში მოიკითხონ,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

როგორც “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა უთხრა პარლამენტში მყოფ მედიის წარმომადგენლებს „ბატონი გახარიას ინტერესში შედის, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს”, მისი სიტყვებით მსგავსი ქმედება არასოდეს ყოფილა “ქართული ოცნების” “ხელწერა”. თუმცა, მათ ამომრჩევლებშიც შეიძლება იყვნენ ისეთები, ვინც შეიძლება “ასე გამოხატოს თავისი უკმაყოფილება”.

“კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით, როდესაც ჩართული ტელეფონებით აქტივისტები, თითქოსდა გულანთებული მოქალაქეები, მიდიან ხოლმე დეპუტატებთან და შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს გულანთებული მოქალაქე რატომღაც არის ან რომელიმე რადიკალური ოპოზიციის პარტიის წევრი, ან რომელიმე ენჯეოს თანამშრომელი. ჩვენ გვყავს მილიონ 120 ათასზე მეტი ამომრჩეველი, შესაბამისად, რა თქმა უნდა, იქიდან ძალიან ბევრი იქნება უკმაყოფილო ბატონი გახარიას ნაბიჯებითაც, დანარჩენი ოპოზიციონერების ნაბიჯებითაც”, – თქვა მაჭავარიანმა და დაამატა, რომ ყველას ურჩევს “თავი შეიკავონ თუნდაც ასეთი ტიპის ქმედებებისგან”.

გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელსაც არც უნდა უკვირდეს, რომ ვიღაცამ შეიძლება კვერცხი ესროლოს ან რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენოს – გადახედოს თავის საქმიანობას და ძალიან ადვილად დაასკვნის, რომ ამას არანაირი მაღალი დონის ორგანიზება არ სჭირდება, თუკი ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ამაზე გარკვეული რეაგირება მოახდინონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც აეროპორტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას კვერცხები ესროლეს.

„შეიძლება ორგანიზებული ყოფილიყო, მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა, რომ ბიძინა ივანიშვილი, ან ხელისუფლების წარმომადგენლები თათბირობენ, კვერცხები ესროლონ გიორგი გახარიას. გიორგი გახარია არის თვითონ ადამიანი, რომელსაც არც უნდა უკვირდეს, რომ ვიღაცამ შეიძლება კვერცხი ესროლოს ან რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენოს. გადახედოს თავის საქმიანობას ბოლო პერიოდში. გადახედოს თავის საქმიანობას იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც სააკაშვილს ხვდებოდა ჩუმად, როდესაც რევოლუციას უპირებდა საკუთარ ქვეყანას, სისხლის ღვრისკენ მიჰყავდა სიტუაცია. გადახედოს ამას და ძალიან ადვილად დაასკვნის, რომ ამას არანაირი მაღალი დონის ორგანიზება არ სჭირდება, თუკი ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ამაზე გარკვეული რეაგირება მოახდინონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის მისასალმებელი. ზოგადად, პოლიტიკური ველი უნდა იყოს ჯანსაღი, აქ ვიდავოთ და არჩევნებზე გადავწყვიტოთ საკითხები,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

პარტია გახარია საქართველოსთვის ცნობით, გამთენიისას, მიუნხენის კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილ აეროპორტში ივანიშვილმა წინასწარ ორგანიზებული ზონდერჯგუფი დაახვედრა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ პოლიციამ “უმოქმედობით ხელი შეუწყო”.

“დღეს გამთენიისას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიასა და ჩვენს თანაგუნდელს, გერმანიაში ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივანიშვილმა დაახვედრა წინასწარ ორგანიზებული, წინასწარ მომზადებული პარტიული ზონდერჯგუფი, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო ადგილზე მყოფმა, ასევე წინასწარ გაფრთხილებულმა პოლიციამ.

ისტერიაში მყოფი მოძალადე ე.წ. ხელისუფლება უკონტროლო ხდება. გასაგებია, რომ ივანიშვილი შეშინებულია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებით და ეს ისტერიაც ამითაა გამოწვეული. ჩვენი პოლიტიკური ძალა გააკეთებს ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი – ფული და ძალაუფლება, რომ ვეღარასოდეს შეძლოს ქართველ ხალხზე ძალადობა”- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი გახარია და ელგუჯა ხოკრიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრნენ. როგორც ექს-პრემიერის თანაგუნდელები ამბობენ, შეხვედრების დროს ერთ-ერთი მთავარი თემა ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნა იყო.
დაახლოებით ერთ თვის წინ, 14 იანვარს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბათუმის სასტუმრო „შერატონში” ფიზიკურად გაუსწორდნენ გიორგი გახარიას. სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button