მხოლოდ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შეიძლება ომი დასრულდეს

ახლა მიდის ინტენსიური კონსულტაციები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. საკვანძო საკითხი უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებზე შეთანხმებაა,- ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის წევრმა, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა სტამბოლში შუალედურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შეიძლება ომი დასრულდეს ისე, როგორც ეს უკრაინას სჭირდება.
პოდოლიაკის განმარტებით, საკითხთა მეორე ბლოკი, რომელიც ახლა დელეგაციების მიერ განიხილება, ცეცხლის შეწყვეტაა, რათა შესაძლებელი გახდეს ამ პერიოდში დაგროვილი ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარება.
„კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სულ უფრო მეტად იზრდება, ომის, სიძულვილისა და ომის წარმოების წესების ესკალაციის პრობლემაა. ზოგჯერ პირდაპირ ეთერშიც ჟღერს მოწოდებები ერთი ან მეორე ნაციის განადგურების თაობაზე, რასაც მივყავართ კონფლიქტამდე, მივყავართ ვიდეოჩანაწერებამდე, როგორ ირღვევა ჟენევის კონვენცია სამხედრო ტყვეებთან მიმართებით“,- განაცხადა პოდოლიაკმა.
სტამბოლში, უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკების დაწყების შემდეგ, ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც კადიროვი ამბობს, რომ მოლაპარაკებით არაფერი გამოვა და დაწყებული ბოლომდე უნდა მიიყვანონ.
კადიროვი აცხადებს, რომ ჯერ ბოლომდე უნდა გაანადგურო „ბანდერელები, ნაციკები და შაითანები“ და მერე გადაწყვიტო, რას აკეთებ შემდეგ.28 მარტს, ზოგიერთმა რუსულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კადიროვი უკრაინის ქალაქ მარიუპოლში იმყოფება.
14 მარტს, ჩეჩნეთის მეთაური ირწმუნებოდა, რომ კიევის მახლობლადაა და უკრაინის ხელისუფლებას დანებებას ურჩევდა. 15 მარტს კადიროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ვიდეო და ტექსტი იმის შესახებ, რომ ის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან პატრუშევთან და ჩრდილოეთ კავკასიაში პრეზიდენტ პუტინის სრულუფლებიან წარმომადგენელ ჩაიკასთან ერთად სოფელ ახმატ-იურტში იმყოფებოდა მამის, „ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის და რუსეთის გმირის“, ახმად კადიროვის საფლავზე.
გარდა ამისა საავიაციო თავდაცვის სამსახურზე დაყრდნობით, უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსეთის არმია ბელარუსიიდან ლვოვზე საჰაერო დარტყმა განახორციელა, თუმცა უკრაინულმა მხარემ რაკეტები ჩამოაგდო.
საუბარია “X” ტიპის ორ რაკეტაზე, რომლებიც უკრაინელმა მებრძოლებმა 30 კმ-ს მანძილზე გაანეიტრალა.