მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“მკვლელი გზა”-თელაველები სიჩქარის შემზღუდავ ბარიერს ითხოვენ

20 აპრილს, თელავში, რუსთაველის გამზირზე მომხდარი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, მოსახლეობა სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის დაყენებას ითხოვს და ერთობლივი განცხადების შემუშავებას გეგმავს.

რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლები, ამბობენ, რომ ქვეითებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის გზაზე გადაადგილება მუდმივ საფრთხეს უკავშირდება და წლებია, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ადამიანები იღუპებიან, ან ინვალიდდებიან.

” აქ გადაადგილება მუდმივად საშიშია, სხვა გამოსავალი კი არ არის. ქვეითმა გზა თუ არ გადაკვეთა, მაღაზიებში, აფთიაქში ვერ მოხვდება. ბავშვები ბაღსა და სკოლაში ვერ წავლენ. ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ბიჭს დაეჯახა მანქანა და ის ბავშვი დაინვალიდდა, დღემდე რეაბილიტაციას გადის. იმდენი შემთხვევაა უკვე ვეღარ ვითვლით. გარდაცვალების ფაქტებიც იყო, რადგან სხვა რაიონებიდან შემოსული ტრანსპორტი, გომბორის გზით თბილისში წამსვლელები, ყველა აქ ხვდება. ფაქტობრივად, მკვლელი გზაა, რადგან ქვეითებისათვის უსაფრთხოების არავითარი ზომა არ არის მიღებული”- აცხადებს გამზირზე მცხოვრები, ამირან ნატროშვილი.

ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ პრობლემის გადაჭრას მოსახლეობა ათეული წლებია ითხოვს.

” შემზარავი იყო, რაც გუშინ მოხდა. ის ქალბატონი უმმძიმეს მდგომარეობაში, საავადმყოფოში წევს. აქ სკოლა-ინტერნატი იყო და მისი დირექტორიც წლების განმავლობაში ითხოვდა, სიჩქარის შემზღუდავი ზომების მიღებას. ისე გარდაიცვალა, ამ გზას საშველი არ დაადგა. უკვე რამდენი ადამიანი დაიღუპა ან სასწაულით გადარჩა. გარშემო მოსახლეობა ცხოვრობს, ზემოთ ბაღებია, სკოლებია. აქვე ცენტრალური არქივია და ყველას საფრთხე ექმნება, ვინც ქვეითად მოძრაობს”- ამბობს თელაველი ლია ძამუკაშვილი.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ რუსთაველის გამზირი, რომელიც თელავის საკრებულოს დადგენილებით, ცენტრალურ ზონაში შედის, საგზაო დეპარტამენტს ეკუთვნის.

” ეს გზა ცენტრალურია და ეკუთვნის საგზაო დეპარტამენტს. ამიტომ მოსახლეობამ ამ უწყებას უნდა მიმართოს.ჩვენ, რასაკვირველია, შეგვიძლია რჩევა მივცეთ”- განაცხადა მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა, დავით ქსოვრელიშვილმა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი, რომელსაც სამარშუტო ავტომანქანა გზაზე გადასვლის დროს შეეჯახა, თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

მოსახლეობა პრობლემის გადაწყვეტას უახლოეს მომავალში ელოდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button