კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონი
მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/12/თელავის-სასამართლო.jpg)
თელავის რაიონულმა სასამართლომ, მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის მაღალჩინოსანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
თელავის პოლიციის უფროსის მოადგილის ივანე ზანდარაშვილის ადვოკატი მალხაზ ბერიანიძე, მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის, 10 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ადვოკატის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ბრალდების მხარის შუამდგომლობა, პატიმრობის მოთხოვნაზე, სრულად დააკმაყოფილა.
“ჩვენი მოთხოვნა იყო, გირაოს შეფარდება, მაგრამ სასამართლომ ის არ გაითვალისწინა. ჩაგვბარდება განჩინება და გადავწყვეტთ, გავასაჩივრებთ, თუ არა”- განაცხადა რადიო ჰერეთთან ბერიანიძემ.
საქმის პროკურორის, მანანა თანდაშვილის განმარტებით, პოლიციის მაღალჩინოსნისათვის შერაცხული ბრალის გარემოებები, გამოძიებით უკვე დადგენილია.
“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი იარაღით, ოთხი ტყვია ესროლა გარდაცვლილს და დაჭრა, კიდევ ერთი პირი. ჩვენ ვთვლით, რომ მას მოწმეებზე გავლენის მოხდენა შეუძლია, ამიტომ ვითხოვდით პატიმრობას”, – განაცხადა თანდაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, 25 დეკემბერს მომხდარი მკვლელობისა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ივანე ზანდარაშვილს ედება ბრალი.
პოლიციის მაღალჩინოსანს, გამოძიება, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურა საჩიშვილის მკვლელობასა და მერიის იურიდიული სამასახურის უფროსის, ლევან ბერძენაშვილის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.
მოუსმინეთ ასევე