მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა-გახარია
“ქართული ოცნების” 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ყოფილი პრემიერ-მინისტრი,გიორგი გახარია ეხმაურება და ამბობს რომ ეს მათი მხრიდან შიშის გამოხატულებაა.
“პერსონალურად ჩემთვის ეს არის შიშის გამოხატულება, რადგან აშკარა ხდება უკვე, რომ მმართველ ძალას უჭირს ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებზე პასუხის გაცემა და ეს აისახება ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებებში. ფაქტობრივად, სახელმწიფო ინტერესები გადატანილია მეორე, მესამე ფლანგზე და წინ წამოწეულია პარტიული ინტერესები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ძალაუფლება იყოს შენარჩუნებული. ეს ყველაზე ცუდია”, – ამბობს გახარია.
შეგახსენებთ, 28 ივლისს, ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მმართველი გუნდი უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში და აღნიშნავს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის “კეთილ ნებასა” და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.
29 ივლისს, ოცნების გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა. მიშელი აღნიშნავს, რომ იწყებს კონსულტაციებს პოლიტიკურ მხარეებთან და მოუწოდებს მათ, პირველ რიგში დააყენოს მოქალაქეთა ინტერესები.