“მმართველი გუნდი კრიმინალს ეუბნება ნორმაა, რასაც შვებიო”
“მმართველი გუნდი კრიმინალს ეუბნება, ნორმაა რასაც შვებიო, ესაა კრიმინალის აღქმა.” – ასე პასუხობს “ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქუჩაში ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ყოველთვის იქნება და ამ მხრივ, ქვეყანაში 10 და 20 წლის წინ ბევრად უარესი სიტუაცია იყო.
როგორც ხოშტარია “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, საზოგადოებას კრიმინალის აღკვეთა სურს და არა მასთან შეგუება და სწორედ ამიტომ ქირაობს მთავრობას.
ერთიანი ოპოზიციის მიერ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილი ხოშტარიას ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“მდინარაძის განცხადება, რომ თურმე მკვლელობები ხდება, წარმოუდგენელ უგულობასთან ერთად, სისტემური პრობლემის ნათელი მაგალითია. ჯერ ბიძინა იძახდა კრიმინალი ყველგან ხდებაო. ანუ მმართველი გუნდი კრიმინალს ეუბნება ნორმაა რასაც შვებიო, ესაა კრიმინალის აღქმა. კრიმინალი რომ ხდება ყველამ ვიცით, მაგრამ მთავრობისგან მისი აღკვეთა გვინდა და არა მასთან შეგუება. მაგისთვის გიქირავეთ.
“ხორავას გამოძიებაზე რაც მოხდა, ეგეც მეორე კრიმინალის წამახალისებელი ქმედება სახელმწიფოსგან. მდინარაძე პირადად და ეს გუნდი მთელი ძალით ‘მასტავდენ’ სისტემას მიჩქმალვაში. ესეც სახელმწიფოს პოზიცია, დალაგება იზ ველქომ.
“16 წლის ბიჭზე პოლიციამ იძალადა, მერე თქვა არაფერია გამოსაძიებელიო და უბნის კრიმინალები მიუგზავნა დალაგდიო. ესეც ალიანსი პოლიციად წოდებულ კრიმინალებსა და ქუჩას შორის. აღარაფერს ვამბობ არჩევნებზე და ვასაძის აქციებზე მათ გამოყენებაზე.
“ზედ ალუბალი, სუსი ‘საბოტაჟს’ იძიებს. არაა ეს სახელმწიფო, ამისთვის არ ქირაობს ხალხი მთავრობას! და ძალიან მზარდად საშიშია ეს ყველაფერი.” – წერს ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ასე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს გამოეხმაურა. მდინარაძემ განაცხადა, რომ ქუჩური გარჩევები ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა.
მისივე თქმით, ქუჩაში ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ყოველთვის იქნება და ამ მხრივ, ქვეყანაში 10 და 20 წლის წინ ბევრად უარესი სიტუაცია იყო.