მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ანექსირებულ ყირიმზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო

ანექსირებულ ყირიმზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა იყო. რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობებით, ღამის განმავლობაში აფეთქებები მოხდა ევპატორიის, სიმფეროპოლის და სევასტოპოლის რაიონებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ყირიმის ტერიტორიის და შავი ზღვის აკვატორიის თავზე გაანადგურეს თვითმფრინავის ტიპის 19 უპილოტო საფრენი აპარატი. რომელ რაიონებში და არის თუ არა ნგრევა ან მსხვერპლი, დაკონკრეტებული არ არის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ისევ იყენებს სტანდარტულ ფორმულირებას, რომ „აღკვეთილია კიევის რეჟიმის მცდელობა უპილოტო საფრენი აპარატებით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ყირიმზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 21 სექტემბერს, გამოქვეყნებული ცნობით, გასულ ღამით დრონებით შეტევა იყო რუსეთის ტერიტორიაზეც. ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია, 1 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს კურსკის ოლქში, 1 – ბელგოროდის და 1 – ორიოლის ოლქში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული სამხედრო აეროდრომის, „საკის“ წინააღმდეგ უკრაინელებმა უპილოტო თვითმფრინავები გამოიყენეს, რომლებმაც გადატვირთეს რუსული საჰაერო თავდაცვა, შემდეგ კი „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები გაუშვეს.

უკრაინელების შეტევის დროს სამხედრო აეროდრომზე 12 ერთეული „სუ-24“-ისა და „სუ-30“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები, ასევე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პანცირი“ იყო განთავსებული; ასევე, საწვრთნელი ბაზა იყო „მოჯაჰერის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორებისთვის.

ვრცელდება ინფორმაცია 30 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ყირიმში აფეთქებები ყოველდღე უფრო და უფრო ხშირად მოხდება და ოკუპანტები ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე თავს დაცულად ვერ გრძნობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button