მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

მოლაპარაკების მესამე რაუნდი-ვინ წავა დათმობაზე

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი იმართება. პოლიტიკოსები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეიკრიბნენ.

დღეს იმ გეგმას განიხილავენ, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა. რა პასუხი აქვს ხელისუფლებას, დღეს გაირკვევა.

“მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმისთვის, რომ პოზიციები დაახლოვდეს. ჩვენი სურვილია, რომ პოზიციები დაახლოვდეს, შეთანხმება შედგეს და კრიზისი განიმუხტოს, ოღონდ ბურთი, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლების მხარეს”. – თქვა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

“ქართული ოცნება” ოპოზიციის მიმართვას წერილობით არ გამოხმაურებია. მამრთველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება.

ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების ფასილიტატორები საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები არიან.

თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.

მსგავსი პოსტები

Back to top button