“მონაწილეთა შეკრებიდან უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები”-შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ “მონაწილეთა შეკრებიდან უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები”.
უწყება “კანონით მინიჭებული შესაბამისი ღონისძიებების გატარებით” და “შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე.
რუსთველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, პროტესტის მონაწილეთა შეკრებიდან უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები.
შეკრებილთა ნაწილი აზიანებს ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურას, ასევე, აქციის მონაწილეებს თან აქვთ სხვადასხვა სახის, საფრთხის შემცველი ნივთები, რომლებიც შესაძლოა, გასული დღეების მსგავსად, ძალადობრივი ქმედებებისთვის იყოს გამოყენებული.
საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.
ვაფრთხილებთ აქციის იმ მონაწილეებს, რომელთა ქმედებები სცდება პროტესტის გამოხატვის კანონით დასაშვებ ფორმებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, პროტესტი გამოხატონ კანონით დასაშვებ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციის მოანწილებმა 19:00 საათიდან დაიწყეს შეკრება. მალევე, შენობის ეზოში გამაგრებულმა სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. ამით, ისინი დემონსტრანტებს შენობასთან მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი საავტომობილო გზაზე დგას, თუმცა მომიტინგეთა შედარებით მცირე ნაწილი შენობასთან ახლოს, წყლის ჭავლის სიახლოვეს გამოხატავს პროტესტს.
პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩა სრულად აქვთ დაკავებული საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს. თავისუფლების მოედანზე განთავსებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები.