მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

მორიგი ხელმოწერა “სანქციების აქტზე”

აშშ-ის კონგრესის კიდევ ერთი წევრი შეუერთდა საქართველოს ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესების აქტს, რომელიც სანქციებს იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ აშშ-ს პრეზიდენტი დაადგენს, რომ აშშ-ის ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან იზღუდება.

რესპუბლიკელების შემდეგ, კანონპროექტს უკვე დემოკრატი, ტეხასელი კონგრესმენი ლიზი ფლეტჩერი შეუერთდა.

საკანონმდებლო პროექტი ავალდებულებს აშშ-ის პრეზიდენტს, პერიოდულად შეატყობინოს საკანონმდებლო ორგანოს, არღვევს თუ არა საქართველო ვალდებულებებს ან შეთანხმებებს, რომლებიც აქ მომუშავე ამერიკელ ბიზნესმენებთან გააფორმა.

ასევე, უნდა მოხდეს იმ მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირების იდენტიფიცირება, რომლებიც ამაზე არიან პასუხისმგებელნი. ანგარიში უნდა მოიცავდეს აშშ-ის როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო, კერძო ინვესტიციებს.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელი ბიზნესმენების უფლებების დარღვევა დადგინდა, პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობასა და ოფიციალურ პირებს სანქციები უნდა დაუწესოს, მათ შორის, აშშ-ში შესვლასა და საკუთრებაზე.

ფლეტჩერი რიგით მეათე კონგრესმენია, რომელიც მარკუეინ მალინის მიერ, 2019 წელს შემუშავებულ ინიციატივას, “საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტი” შეუერთდა. მას მაშინ მხოლოდ ერთი კონგრესმენი მიემხრო.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button