რეგიონი

მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი ელექტროენერგიის სუბსიდიას ვეღარ მიიღებს

” არჩევნების შემდეგ, ჰაერზეც ფასს დაგვიწესებენ” ელექტროენერგიაზე სუბსიდიის მოხსნას, თელაველების უკმაყოფილება მოჰყვა.
2022 წლის 1 იანვრიდან მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი ელექტროენერგიის სუბსიდიას ვეღარ მიიღებს.
ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის სრულად გადახდა მოსახლეობას თავად მოუწევს.

ახალი ტარიფი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ ექვსი თვის წინ დაადგინა, თუმცა მთავრობამ აბონენტების ნაწილის ტარიფი დაასუბსიდირა და სხვაობა ბიუჯეტიდან დაფარა.

დღევანდელი მდგომარეობით, პროგრამა დასრულებულია, რამაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის პროტესტი გამოიწვია.
გაძვირებული გადასახადები განსაკუთრებულად იმ მოქალაქეებს აშინებს, ვინც მინიმალური ხელფასით ცხოვრობს და მოწყვლადი ჯგუფებისათვის აუცილებელ კრიტერიუმებს ამის გამო, ვერ აკმაყოფილებს.

რადიო ჰერეთთან საუბარში თელაველები ამბობენ, რომ მთავრობა მალე ჰაერზეც გადასახადს დააწესებს.
” მხოლოდ ისღა დარჩა, რომ ჰაერსაც ფასი დაადონ და საათების მიხედვით გვასუნთქონ, მაინც სული გვეხუთება უკვე. დღეს მოვისმინე, სოციალურად დაუცველებს სუბსიდიას მივცემთო. მე რა დავაშავე, არც პენსიონერი ვარ, ვერც იმ ბაზაში ვხვდები, ჩემი უბადრუკი 240 ლარიანი ხელფასის გამო და არც მერიის პროგრამაში? არჩევნებამდე რას არ გვპირდებოდნენ, ახლა უკვე ყველაფერზე ფასის დაწესება შეიძლება”- ამბობს მოქალაქე.

ადგილობრივები თვლიან, რომ მთავრობამ სუბსიდირების პროგრამა არ უნდა შეწყვიტოს და პირიქით, დაფინანსება უნდა გაზარდოს.
” გამოიხედონ ძვირადღირებული მანქანებიდან და სასახლეებიდან, რა გაჭირვებით გაგვაქვს თავი. რა სიძვირე და უბედურებაა, წამალიც ვერ გვიყიდია. თავის დროზე წავედი, მორჩილად ავიცერი და ახლა, ვინც კანონს არ დაემორჩილა, ეხვეწებიან, აიცერით და ფულს მოგცემთო, წარმოგიდგენიათ? ჩემზე უპირატესია, ვინც არ ემორჩილებათ. უკუღმა რომ არ იყოს აქ ყველაფერი, ზამთრის სეზონზე კომუნალურ გადასახადებს უნდა გვიფარავდნენ. ნაკლები ხელფასი დაინიშნონ და სუბსიდია გაზარდონ“- განაცხადა ერთ- ერთმა მოქალაქემ.
ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა არ შეცვლილა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, რომლებიც გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს, მოხმარებული დენის საფასურის დაფარვაში ეხმარებიან.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის, გიორგი ენუქიძის განმარტებით, მუნიციპალური პროგრამა გრძელდება და მერია თითოეულ აბონენტს, თვეში 8 ლარით ასუბსიდირებს.

” ჩვენი პროგრამა კვლავ გრძელდება და არის სპეციალური ჩამონათვალი, ვის ეკუთვნის ეს თანხა. ამ კრიტერიუმებს თუ დააკმაყოფილებს და შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენს, ჩვენ ყოველთვიურად, 8 ლარს ვურიცხავთ”– განაცხადა ენუქიძემ.
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ- მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში მილიონამდე მოქალაქეს ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი დაუსუბსიდირდება.
მისი განმარტებით, სუბსიდირება შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს და 150 ათასი და ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოსახლეობას.

მანამდე, სუბსიდირების პროგრამით, ყველა საყოფაცხოვრებო აბონენტს, რომელიც თვეში 300 კილოვატამდე დენს მოიხმარდა, 3.5 თეთრი ბიუჯეტიდან უფინანსდებოდა. სუბსიდიის მაქსიმალური თანხა, ერთ აბონენტზე თვეში მაქსიმუმ, 10.5 ლარს შეადგენდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button