რეგიონი

მოსამართლეები საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ

მოსამართლეები საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ
“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს, მოსამართლეთა ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სარჩელზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ის, უახლოეს პერიოდში იქნება მზად.
პარალელურად, დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფმა უკვე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და მოუწოდა კანონში დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადოს.
მესამე მოსმენით კანონის მიღებამდე, მოსამართლეთა 15 კაციანმა ჯგუფმა, საქართველოს პარლამენტს მიმართა და ცვლილებების განმარტება მოითხოვა.

” კანონში ინიცირებულია ცვლილებები, რომლითაც მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას არსებითი საფრთხე ექმნება. აღნიშნული ცვლილებებით დაკანონება ხდება ყველა იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედების, რაც მოსამართლეთა დევნის ეფექტიან და გამოცდილ მეთოდებად მიიჩნეოდა წლების განმავლობაში. ცვლილებებით დამოუკიდებელი მოსამართლეების შესუსტება, მათი დაშინებისა და კრიტიკული აზრის გამოხატვის აკრძალვის მცდელობა ხდება”- წერდნენ მოსამართლეები.
მოსამართლეები, რომლებმაც პარლამენტს მიმართეს და ამჯერად, საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ, მედიასთან კონტაქტზე უარს ამბობენ.
რადიო ჰერეთმა ყურადღება მიაქცია განსაკუთრებით სადაო ნორმებს, რომლებსაც მოსამართლეთა დასჯა, გაციმბირება და ბოროტი მეთოდის რესტავრაცია უკვე უწოდეს ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.
ყველაზე სადაო, მოსამართლეთა იძულებითი მივლინების თაობაზე კანონში შეტანილი ცვლილება გახდა, რომელიც სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ სასამართლოში მოსამართლის დაქვეითებას წარმოადგენს.
კანონის 37-ე პრიმა მუხლში ჩაიწერა, რომ რომელიმე სასამართლოში დამატებითი მოსამართლის საჭიროების შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს მიმართვის შემდეგ, 5 დღის ვადაში, მივლინების მსურველი მოსამართლის არარსებობის შემთხვევაში, რომელიმე მოსამართლეს მივლინებაში იძულებით გაუშვებენ.
ტერიტორიული ცვლილების გარდა, უკვე დასაშვებია, მოსამართლის გადაადგილება სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, ანდა პირიქით.
დღემდე მოქმედი წესით, სააპელაციო სასამართლოდან მოსამართლის საქალაქო სასამართლოში დაქვეითება, მისი სურვილის გარეშე დაუშვებელი იყო.
იძულებით მივლინებაში მოსამართლე, პირველ ეტაპზე, შესაძლოა გაიგზავნოს არაუმეტეს 2 წლით, თუმცა, ახალი ცვლილებებით, შესაძლებელია, მივლინების ვადის 2 წლამდე ვადით გაგრძელება, მოსამართლის თანხმობის გარეშეც.
აქამდე მოქმედი ნორმით, მოსამართლეს მივლინებაში ერთი წლის ვადით, წილისყრის შედეგად და ტერიტორიული სიახლოვის პრინციპით აგზავნიდნენ.

კანონპროექტის ერთ- ერთმა ავტორმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, ოპოზიციის კრიტიკას, მოქალაქეებისათვის დროული მართლმსაჯულების მიწოდების არგუმენტით უპასუხა.
„თუკი მივლინებებს მივანდობთ მხოლოდ საჯარო მოხელეების ნებას, ბევრი სექტორი დაზარალდება.. თუ არცერთ მოსამართლეს არ ექნება სურვილი, მოქალაქეები ვერ მიიღებენ ნორმალურ და დროულ მართლმსაჯულებას“, -განაცხადა მაჭარაშვილმა.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც ოპოზიცია და თავად მოსამართლეები განსაკუთრებით საეჭვოდ მიიჩნევენ, მოსამართლეთა საქმიდან ჩამოცილების გაიოლებაა.
კანონის 45-ე მუხლის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მიმართოს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სადაც 15 წევრია, გადაწყვეტილების მიღებას, ათის ნაცვლად, უკვე რვა წევრით შეძლებს.
გარდა ამისა, მოსამართლეს საქმიდან ჩამოცილების პერიოდში, დისციპლინური საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, შეუჩერდება ხელფასიც, რაც, ოპოზიციის აზრით, მასზე ფინანსური წნეხის გაძლიერებასაც გულისხმობს.

“იმ ფონზე, როცა მოსამართლეების დიდ ნაწილს, საბანკო ვალდებულებები აქვს, ეს მათზე ფინანსურ წნეხს გააძლიერებს. მოსამართლის იძულების ერთ- ერთი გზა და ბერკეტი ურჩების დასასჯელად, ესეც არის”- ამბობენ ოპოზიციაში.
მოსამართლის საქმიდან ჩამოცილება, დღემდე, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ხდებოდა.
ამ უფლებამოსილების იუსტიციის საბჭოსთვის გადაცემას, სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე, დუმილით შეხვდა.

კიდევ ერთი სადაო საკითხი მიღებულ ცვლილებებში, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპია.
ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ მოსამართლეს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევად სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბარი ჩაუთვალონ.

რაც სიტყვის თავისუფლებაზე პირდაპირი გალაშქრება იქნება.
ოპოზიციის, სახალხო სექტორისა და მოსამართლეების ნაწილის პოზიცია, კანონთან დაკავშირებით, ფაქტობრივად გაიზიარა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, რომელმაც ცვლილებების თაობაზე, უმწვავესი განცხადება გაავრცელა.

“გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ. საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე”- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

დაჩქარებული ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, საქართველოს პარლამენტმა 30 დეკემბერს, 81 ხმით მიიღო, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს კი, ვეტოს გამოსაყენებლად, ათდღიანი ვადა აქვს.
სავარაუდოდ, ამავე ვადაში დაზუსტდება საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღი და მასზე ხელმომწერი მოსამართლეების ვინაობაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button