20 წელიწადზე მეტია, საქართველოს პატრიოტი პრეზიდენტი არ ჰყოლია-კობახიძე
საქართველოს ვულოცავ ახალ პრეზიდენტს-კალაძე -ყაველაშვილი მილოცვებს იღებს-

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ 20 წელიწადზე მეტია, საქართველოს პატრიოტი პრეზიდენტი არ ჰყოლია და მიხეილ ყაველაშვილს უწევს ახალი ტრადიციის დამკვიდრება ამ 20-წლიანი წყვეტის შემდეგ.
“მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში ის ღირსეულად ემსახურება ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე თავის ქვეყანას. მინდა წარმატებები ვუსურვო მას ყველა თვალსაზრისით. გამოწვევები არის სერიოზული.
20 წელიწადზე მეტია, ამ ქვეყანას არ ჰყოლია პატრიოტი პრეზიდენტი. შესაბამისად, მიხეილ ყაველაშვილს უწევს ახალი ტრადიციის დამკვიდრება ამ 20-წლიანი წყვეტის შემდეგ ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ მე ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ ყაველაშვილი საუკეთესოდ გაართმევს თავს ამ პასუხისმგებლობას”, – განაცხადა კობახიძემ.
ბატონ მიხეილს ვულოცავ პრეზიდენტობას, მინდა, მას ახალ როლში ვუსურვო წარმატებები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
„რა თქმა უნდა, ჩვენი ყველას მოლოდინია, რომ ის ღირსეულად შეასრულებს იმ მოვალეობას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს კანონმდებლობით და კონსტიტუციიოთ აკისრია. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და ამაში ჩვენ დარწუნებულები ვართ“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრი საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა კომენტარი გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, ამას ცალსახად ერთმნიშვნელოვანი შეფასება შეიძლება, მიეცეს – საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გამოხატა ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება, მხარდაჭერა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ.
ამასთან, ლევან დავითაშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და მისი შეფასება ეუთო/ოდირის მიერ იყო აბსოლუტურად ადეკვატური.
„ამის შედეგად ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, ახალი ხელისუფლება, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ავირჩიეთ პრეზიდენტი და მოხდა პრეზიდენტის ინაუგურაცია. ეს არის რეალობა. მეორე რეალობაა, რაზეც საუბრობენ გარკვეული ოპონენტები, ბუნებრივია, რომ ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფებს ჰყავდათ თავისი მხარდამჭერები და მათ აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, რომელიც, სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალობისგან. ისინი რეალობას ეწინააღმდეგებიან, რეალობა ერთია – მოსახლეობის უმრავლესობას აქვს გადაწყვეტილება მიღებული, არჩევანი აქვს გაკეთებული და საზოგადოების პატარა ჯგუფები და გარკვეული ოპოზიციური პარტიები ამ რეალობას, სამწუხაროდ, არ ეგუებიან“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ამასთან, ლევან დავითაშვილის პროგნოზით, 2025 წელს ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ ქვეყანაში არსებულ რეალობას. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ისინი პარლამენტის ფორმატში გააგრძელებენ ოპონირებას და მათი როლის შესრულებას.
„მათი როლი ზუსტად ეს არის, ის ხმები, რომელიც მათ მიიღეს და ხალხის ნაწილმა, რომელმაც მათ ნდობა გამოუცხადა – პოლიტიკურ პროცესებში უნდა მიიღონ მონაწილეობა კანონმდებლობის შესაბამისად და ვფიქრობ, რომ პროცესი იქნება აბსოლუტურად ცივილიზებული“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანები არის ის, რომ ქვეყანამ უსაფრთხო არსებობა შეძლოს და ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს, რა თქმა უნდა, მჭიდრო ურთიერთობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„ის მოცემულობა, რა მოცემულობაც არის დღეს, განსაკუთრებით თუ თქვენ გულისხმობთ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას, არ არის მარტივი და ჩვენ ამას ძალიან კარგად ვაცნობიერებთ. თუმცა ამ სირთულეებს აქვს თავისი ობიექტური მიზეზები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე, ის ობიექტური რეალობა, რაც განაპირობებს სწორედ იმ სირთულეებს, რაც არის დღეს საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის, აღარ იქნება და ასეთი სიმძაფრით აღარ დადგება დღის წესრიგში გარკვეული საკითხები, რაც იწვევს საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის გარკვეულ გაუგებრობებს.
იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენ შესაძლებლობა გვექნება კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს შორის დგას, იყოს გადაწყვეტილი“,- განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც ბოჭორიშვილმა განაცხადა, მიხეილ ყაველაშვილი არჩეულია კონსტიტუციის შესაბამისად.
„ლეგიტიმაციას საქართველოს პარლამენტს აძლევს ქართველი ხალხი და ეს ლეგიტიმაცია საქართველოს პარლამენტს აქვს. ლეგიტიმაციას საქართველოს პრეზიდენტს აძლევს საქართველოს პარლამენტი. ის არჩეულია კონსტიტუციის შესაბამისად, კონსტიტუციური წესების დაცვით. შესაბამისად, არანაირი კითხვები არ არსებობს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. საერთაშორისო აღიარება საჭირო არის ქვეყნის და ქვეყანას აქვს ეს აღიარება. შესაბამისად, ყველა ის პროცესი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებში მიმდინარეობს საქართველოში, რა თქმა უნდა, არის ლეგიტიმური“,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ულოცავს. როგორც მერმა ცერემონიის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი იქნება პრეზიდენტი, რომელიც ერთგულებით და პატრიოტიზმით მოემსახურება ქვეყანას და დაიცავს მის ეროვნულ ინტერესებს.
„პირველ რიგში, საქართველოს ვულოცავ ახალ პრეზიდენტს, პრეზიდენტს, რომელიც თავდადებით, სიყვარულით, პატრიოტიზმით, ერთგულებით მოემსახურება ჩვენს ქვეყანას. ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს, ძალიან მნიშველოვანი თანამდებობაა. პრეზიდენტის ინსტიტუტს წლების განმავლობაში შელახული ჰქონდა რეპუტაცია, პრეზიდენტების ქმედებებიდან გამომდინარე. ხშირ შემთვევაში, ისინი ემსახურებოდნენ გარე ძალებს. მინდა, ახალ პრეზიდენტს წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღირსეულად ემსახუროს ჩვენს ქვეყანას და რაც მთავარია, დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს ისტორიული დღეა. საქართველოს პარლამენტის სასახლეში, ამ ისტორიული დარბაზის კედლებში, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას. აქ, სადაც ფიცი დადო საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, 33 წლის თავზე ჩვენ ვმართავთ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიას, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი ცერემონიით, სრულად შედის ძალაში საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია და მყარდება საპარლამენტო რესპუბლიკა, რამაც კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და გააძლიეროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული საფუძვლები.
„ორი კვირის წინ, 2024 წლის 14 დეკემბერს, აქ, ამ დარბაზში, ახალი კონსტიტუციური წესით გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. 300 წევრისგან შემდგარმა საარჩევნო კოლეგიამ 224 ხმით საქართველოს პრეზიდენტად ბატონი მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. ქართული პოლიტიკის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პრეზიდენტის სტატუსი, დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა. იყო პრეზიდენტი ნიშნავს: იყო სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ არა სახელმწიფოს მმართველი; იყო სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, მაგრამ არა პოლიტიკური აქტივისტი; იყო ქვეყნის და არა პირადი ამბიციების ერთგული. ეს ის ფაქიზი ზღვარია, რომლის დანახვაც ზოგიერთს გაუჭირდა და ადვილად გადალახა. მათ შორის, ამაზე პასუხიც იყო 26 ოქტომბერს, 1 120 000 ჩვენი თანამოქალაქის მიერ მტკიცედ და ხმამაღლა თავისი ურყევი ნების დაფიქსირება, რომელიც დღეიდან ზურგს გაუმაგრებს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს. სწორედ ამ მაღალი ნდობიდან გამომდინარე, საქართველოს ახალი პრეზიდენტის როლი იქნება მნიშვნელოვანი ეროვნული თანხმობის მიღწევაში, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის განმტკიცებასა და საქართველოს სათანადოდ წარმოჩენაში მსოფლიოს ერთა წინაშე. ამ ისტორიულ დღეს გვსურს ასევე საფუძველი ჩავუყაროთ პრეზიდენტის ინაუგურაციის ახალ ტრადიციას. ისევე როგორც ტრადიციულ საპარლამენტო რესპუბლიკებში დღეიდან საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება პარლამენტის სასახლეში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სპეციალურად პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიისთვის საქართველოს პარლამენტმა გამოსცა საინაუგურაციო კონსტიტუცია. დაიბეჭდა მისი სამი თანაბარწონადი ეგზემპლარი, რომლიდანაც ერთი შეინახება საქართველოს პარლამენტში, ერთი დაცული იქნება ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ერთი – საქართველოს ეროვნულ არქივში. საინაუგურაციო კონსტიტუციის ზუსტი ასლები ასევე გადაეცემა პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრებს და ინაუგურაციაზე დამსწრე პირებს.
„მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიმართ, რომელმაც საქართველოს პარლამენტს საჩუქრად გადმოსცა სპეციალურად ამ ცერემონიისთვის შემკული ბიბლია. ისევე როგორც საინაუგურაციო კონსტიტუცია, ეს ბიბლიაც დაცული იქნება საქართველოს პარლამენტში, როგორც მომავალი პრეზიდენტების საინაუგურაციო ბიბლია. დღეიდან, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ხალხის ჭეშმარიტ ნებას და კონსტიტუციას დაიცავს! დღეიდან, საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ღირებულებების და ინტერესების სადარაჯოზე იქნება! მინდა, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს ვუსურვო წარმატება მისი საპატიო მისიის აღსრულებაში. ღმერთი იყოს მისი და ჩვენი სამშობლოს მფარველი!“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მიხეილ ყაველაშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც თავის ქვეყანას პრობლემებს შეუქმნის. ის არის ადამიანი, ვინც ხალხის გვერდით იდგება და არა ისე, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა – „ხალხთან, მაგრამ ცოტა უფრო მაღლა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ყაველაშვილს არ აქვს ამბიცია, რომ ხალხზე უფრო მაღლა იდგეს.
„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები გვქონდა, მარგველაშვილთან დაკავშირებით პრობლემები გვქონდა, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით პრობლემები იყო. მიხეილ ყაველაშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც თავის ქვეყანას პრობლემებს შეუქმნის. ის არის ადამიანი, ვინც ხალხის გვერდით იდგება და არა ისე, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა – „ხალხთან, მაგრამ ცოტა უფრო მაღლა“. არ აქვს ეს ამბიცია, რომ უფრო მაღლა იდგეს. ის დაიცავს კონსტიტუციას. ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც განმსჭვალულია ქვეყნის სიყვარულით, პატრიოტიზმით, თავდადებით; ზუსტად ესმის თავისი მოვალეობა და ფუნქცია და უამრავ სასიკეთო საქმეს – მეცენატობას ჩაუდგება სათავეში, იქნება ინიციატორი. ადამიანი, რომელიც თავის მოვალეობას შეასრულებს იმ კონსტიტუციურ ფორმატში, ჩარჩოებში, რომელიც განსაზღვრული აქვს საქართველოს პარლამენტს. ასე რომ მას წარმატება ვუსურვოთ, ღმერთმა დალოცოს საქართველო და მისი პრეზიდენტი”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ყველასათვის ნათელია, რომ ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი და ჩვენი გამორჩეული ღირებულება თავისუფლების სიყვარულია. სიტყვა თავისუფლება, უფლებასთან ერთად – ასევე მოიცავს პასუხისმგებლობას და იმ ღირებულებების დაცვას, რომლისთვის ბრძოლამაც ეს თავისუფლება მოგვიტანა, ეს არის უკვდავი იდეისთვის ბრძოლა, რომელსაც საქართველო ჰქვია. სწორედ ეს იდეა მოიცავს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების პატივისცემას, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, თავისუფლება უპირველეს ყოვლისა, სწორედ უფლის და ჭეშმარიტების ძიებას გულისხმობს საკუთარ თავში, ისევე, როგორც სიკეთისკენ და სიყვარულისკენ სწრაფვას, რაც ჩვენს საზოგადოებას დღეს ძალიან სჭირდება.
„ქართულ ენაში, თავისუფალი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს, რომ იყო საკუთარი თავის – უფალი, არ იყო დამოკიდებული არავიზე და არაფერზე; საკუთარი – სინდისის, ნამუსის, ადამიანობისა და შინაგანი ხმის გარდა. თავისუფლება უპირველეს ყოვლისა, სწორედ უფლის და ჭეშმარიტების ძიებას გულისხმობს საკუთარ თავში. ისევე, როგორც სიკეთისკენ და სიყვარულისკენ სწრაფვას, რაც ჩვენს საზოგადოებას დღეს ასე ძალიან სჭირდება. თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას! ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს რომ, ჩვენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება. თავისუფლება ასევე გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას, კითხვების დასმას და დისკუსიას, რაც, ნებისმიერ შემთხვევაში, განსხვავებული პოზიციების დაახლოების უმთავრესი წინაპირობაა“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, სწორედ საქართველოს თავისუფალმა მოქალაქეებმა, უპირველეს ყოვლისა პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობასა და იმ წესებს, რომელსაც ადგენს სახელმწიფო.
„სახელმწიფოებრიობის განცდა და შეგრძნება უპირველესია ძლიერი საზოგადოების და ქვეყნის შენების გზაზე. სწორედ სახელმწიფოებრიობა და ის ღირებულებები, რაზეც დგას ქართველი ერი, უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებელი. ზუსტად თავისუფლების, წესების და ეროვნული იდენტობის დაცვის ასეთ გაგებაში დაინახა ქართველმა ხალხმა შესაძლებლობა ევროპულ ოჯახში, რომელიც უნდა იყოს საშუალება ჩვენნაირი პატარა ერისთვის დავიცვათ ჩვენი კულტურა, ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, ენა, სარწმუნოება და სახელმწიფოებრიობა. თუკი, არსებობს ქართველი ადამიანი ვინც შეიძლება ამ ღირებულებებს და შეხედულებებს არ იზიარებს, ალბათ საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა – ვის ან რას შეიძლება ემსახურებოდეს?!“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. – საქართველოს პარლამენტის სასახლეში მისი ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.
პარალელურად, საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ტოვებს ორბელიანის სასახლეს, თუმცა თავს კვლავ ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად თვლის და ხალხის გვერდით რჩება.
ინაუგურაციის ცერემონიას ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ხმოსმები, ვინც ის აირჩია, ეკლესიის იერარქები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები ესწრებიან.
რამდენიმე საათით ადრე, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დგას საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის და ქართველი ხალხის გვერდით.