მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოსკოვის ბირჟაზე დოლარისა და ევროს კურსების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა

მოსკოვის ბირჟაზე დოლარისა და ევროს კურსების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. დოლარმა 110 რუბლს მიაღწია, ევრომ – 122 რუბლს გადააჭარბა, იუწყება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС.

რუსეთის ბანკმა გადაწყვიტა, არ განაახლოს ვაჭრობა მოსკოვის ბირჟაზე 2 მარტს საფონდო ბირჟის განყოფილებაში. გადაწყვეტილება ვაჭრობის შესახებ 3 მარტს მიიღება იმავე დღეს მოსკოვის დროით 09:00 საათამდე.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.

გარდა ამისა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ შექმნილ ვითარებაში გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედება შეუძლებელია.

პუტინის პრესმდივნის თქმით, ჯანსაღი აზრი და ეკონომიკური მიზანშეწონილობა მიუთითებს, რომ გაზსადენი სწრაფად უნდა ამუშავდეს.

ევროპაში რუსული გაზსადენის ამოქმედებას პრობლემა ჯერ კიდევ უკრაინაზე რუსეთის არმიის თავდასხმამდე შეექმნა. მას შემდეგ, რაც 21 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა”, გერმანიამ შეაჩერა „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირების პროცესი. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღარ იარსებებდა. რუსული მილსადენით, რომლის მშენებლობა 11 მილიარდი დოლარი დაჯდა, რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით ბუნებრივი გაზი უნდა მიეღო გერმანიას და კიდევ რამდენიმე ქვეყანას.
პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
პუტინმა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან – ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).

უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.

რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button