მოსკოვის მუქარა გრძელდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ თუ დასავლეთი გააგრძელებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების იარაღის მიწოდებას, „სპეცოპერაციის“ გეოგრაფიული ამოცანები ისევ შეიცვლება და დღევანდელ ხაზს გასცდება.
მისივე განცხადებით, მოსკოვი არ დაუშვებს უკრაინის ტერიტორიაზე განთავსდეს დასავლური იარაღი, რომელიც რუსეთის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ დააყენებს.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უკრაინის ამ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს ზელენსკი, ან ის, ვინც მას შეცვლის, არსებობდეს იარაღი, რომელიც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ტერიტორიებს და იმ რესპუბლიკების ტერიტორიებს, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. რადგან დასავლეთი უუნარო გაბრაზებით ან სიტუაციის რაც შეიძლება დამძიმების სურვილით, სულ უფრო მეტ შორი დისტანციის მქონე იარაღს უყრის თავს უკრაინაში, მაგალითად ჰაიმარს, სპეცოპერაციის გეოგრაფიული მიზნებიც მიმდინარე ხაზიდან შორს გადაინაცვლებს. პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა – სანამ არსებობს საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის, სამხედრო საფრთხე უკრაინის ტერიტორიიდან, დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია ამოცანად რჩება. ახლა გეოგრაფია სხვაგვარია.
ეს შორსაა მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებისგან, ეს ასევე უკავშირდება ხერსონის რეგიონს, ზაპოროჟიეს და მთელ რიგ სხვა ტერიტორიებს. ეს პროცესი გრძელდება თანმიმდევრულად და დაჟინებით. სპეციალური სამხედრო ოპერაციის გეოგრაფიული მიზნები უკრაინაში აღარ შემოიფარგლება მხოლოდ აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონით, არამედ ის მოიცავს სხვა ტერიტორიებსაც, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ უკრაინის ტერიტორიის რომელიმე ნაწილზე, რომელსაც ზელენსკი გააკონტროლებს, იარაღის განთავსება. ეს პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენი და იმ რესპუბლიკების ტერიტორიებს, რომლებმაც გამოაცხადეს დამოუკიდებლობა,” – აცხადებს სერგეი ლავროვი.
ერთ-ერთ ასეთ იარაღად ლავროვმა დაასახელა ამერიკული სარაკეტო სისტემა HIMARS-ი, რომლის პირველი პარტია უკრაინამ შეერთებული შტატებისგან რამდენიმე კვირის წინ მიიღო და წარმატებით იყენებს რუსი სამხედროების წინააღმდეგ, მათ მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც.
კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალების Russia Today-ს მთავარ რედაქტორთან, მარგარიტა სიმონიანთან ინტერვიუში, რომელიც დღეს, 20 ივლისს გამოქვეყნდა, ლავროვი ამბობს, ამჟამად „სპეცოპერაციის“ გეოგრაფიაა არა მხოლოდ დონეცკის და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკები“, არამედ ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები და ზოგიერთი სხვა ტერიტორიაც.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არ დაუშვებენ, რომ “უკრაინის იმ ნაწილში, რომელსაც ზელენსკი, ან მისი შემცვლელი გააკონტროლებს”, არსებობდეს შეიარაღება, რომელიც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ტერიტორიას და „იმ რესპუბლიკებს, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს“.
ამასთან, მისივე თქმით, მარტის ბოლოს, სტამბოლში გამართული შეხვედრისას ამ საკითხზე ვითარება არსებითად განსხვავებული იყო.
„ახლა კი გეოგრაფია სხვა არის. უკვე აღარ არის მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ახლა არის კიდევ ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქები, სხვა ტერიტორიები და ეს პროცესი გრძელდება“, – განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
2022 წლის მარტიდან რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებიც, სადაც კრემლის მიერ დანიშნული ე.წ. ადმინისტრაციები ამზადებენ “რეფერენდუმებს” ამ რეგიონების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესასვლელად.