მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მსოფლიო ბანკმა 1,49 მილიარდი დოლარის ოდენობის ტრანში დაამტკიცა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ მსოფლიო ბანკმა დაამტკიცა 1,49 მილიარდი დოლარის ოდენობის ტრანში ქვეყნის დასახმარებლად, იმ ფონზე, როცა უკრაინა ომის 105-ე დღე იბრძვის მის ტერიტორიაზე შეჭრილი მეზობლის, რუსეთის მოსაგერიებლად. იუწყებიან, რომ ფინანსები გამოყენებული იქნება სოციალური მუშაკების და საჯარო მოხელეების ხელფასის გასაცემად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ მისი ეგიდით უკრაინას 4 მილიარდ დოლარზე მეტი გამოეყოფა დახმარების სახით.

ამასთან ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნორვეგიამ უკრაინას 22 თვითმავალი ჰაუბიცა გადასცა, რათა დაეხმაროს უკრაინას “გაუძლოს რუსეთის თავდასხმებს”.

ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა თქვა, რომ “უკრაინის ომის განვითარება ახლა იმაზე მეტყველებს, რომ აუცილებელია უფრო მძიმე არტილერიისა და იარაღის სისტემების მიწოდება”.

განცხადებაში წერია, რომ ნორვეგიის არმიამ, მას შემდეგ რაც სამხრეთ კორეიდან ახალი არტილერიის მარაგი მიიღო, უკრაინას M109 საარტილერიო თოფები გადასცა, რომლებიც შორ მანძილზე მოქმედების იარაღია.

ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იარაღი გადაეცა აღჭურვილობასთან, სათადარიგო ნაწილებთან და საბრძოლო მასალასთან ერთად.

უკრაინელ ჯარისკაცებს ამ ტიპის სისტემის გამოყენების გამოცდილება უკვე აქვთ.

გრამმა ნორვეგიის ამ დახმარებას “მნიშვნელოვანი წვლილი” უწოდა , რომელსაც “უკრაინა ძალიან ითხოვს”.

“ნორვეგიის მთავრობა უსაფრთხოების მიზეზების გამო დაელოდა დახმარების საჯაროდ გამოცხადებას. მომავალში დამატებითი დახმარებების შესახებ კი ინფორმაციას ვერ გავავრცელებთ”.- ნათქვამია განცხადებაში.

შეერთებული შტატები, ნიდერლანდები და გერმანია არიან იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც ასევე მიაწოდეს უკრაინას ჰაუბიცების მარაგი.

ომი უკრაინაში და სულ რაღაც სამდღე-ნახევარში 200 ათასმა ადამიანმა უკრაინულ არმიას 5 მილიონი ევრო შეუგროვა. ვილნიუსელმა ჟურნალისტმა, ანდრიუს ტაპინასმა წამოიწყო საქველმოქმედო აქცია, რათა უკრაინული ჯარისთვის უპილოტო საბრძოლო დრონი, “ბაირაქთარი” ეყიდა, წერს გამოცემა “Current time”.

“ჩვენი ტელევიზია, თავისუფლების ტელევიზია, ამას ომის დაწყებიდან ვაკეთებთ. ჩვენი უკანასკნელი აქცია იყო ორი მზვერავი დრონის ყიდვა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. ორივე 330 ათასი ევრო ჯდებოდა, ფული 16 საათში შევაგროვეთ. მაშინ ხუმრობით ვთქვით, ბარემ ტანკი ან ავიაგამანადგურებელიც ხომ არ გვეყიდაო. აღმოჩნდა, რომ ეს ხუმრობა სიმართლესთან ახლოს იყო”, – ჰყვება ანდრიუს ტაპინასი.

მისი თქმით, ფული გაგზავნეს მუშებმა, მეწარმეებმა, პენსიონერებმა და ბავშვებმაც კი. ჟურნალისტი იხსენებს, რომ მის ანგარიშზე წუთში ორი ათასამდე ევრო ირიცხებოდა. ასეთ მხარდაჭერა უკრაინას ლიეტუვაში ჯერ არასდროს ჰქონია.

“ომი სანამ დაიწყებოდა, ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ იარაღის ყიდვა მოგვიწევდა. მაგრამ უკვე ორთვე-ნახევარია ფულს ვწირავ ფონდს, რომელიც უკრაინისთვის იარაღს ყიდულობს. ახლა ეს ნორმალურია. რაღაცა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამყარო უკეთესი გახდეს”, – ამბობს აგნე ბელიცკაიტე, ერთ-ერთი შემწირველი.

“ბაირაქთარის” დრონები უკრაინაში ომის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. ბოლო წლებში უკრაინამ თურქეთისგან ოცზე მეტი აპარატი, მარტის დასაწყისში კი კიდევ – 16 მიიღო. “ბაირაქტარის” შემქმნელები ამბობენ, რომ დრონის წარმატებული გამოყენება ომში საუკეთესო რეკლამაა მათთვის.

“ბაირაქთარი აკეთებს იმას, რაც უნდა ქნას: ანადგურებს ყველაზე მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, არტილერიას და ჯავშანტექნიკას”, – უთხრა “Current time”-ს სელჩუქ ბაირაქთარმა, მწარმოებელი კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა.უკრაინაში დრონს რამდენიმე სიმღერა მიუძღვნეს. ბევრმა “ბაირაქთარი” დაარქვა თავის შინაურ ცხოველს.

მსგავსი პოსტები

Back to top button