მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მსოფლიო ლიდერები პუტინს ომის დასრულებისკენ მოუწოდებენ

ვაშინგტონი ვერ ხედავს ნიშნებს, რომ მოსკოვი დაინტერესებულია, უკრაინაში ომი მოლაპარაკებით დამთავრდეს, განაცხადა 4 დეკემბერს CBS News-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

„დიპლომატიას ყოველთვის აქვს ფასი, თუ მხარეები, რომლებზეც ლაპარაკია, ამ შემთხვევაში, რუსეთი, მართლა არიან დაინტერესებული შინაარსიანი დიპლომატიით“, – თქვა ბლინკენმა. „რასაც ჩვენ ვხედავთ, სულ მცირე, ბოლო ხანებში, საპირისპიროზე მეტყველებს“, – უთხრა CBS News-ს სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეცვალა ტაქტიკა ბრძოლის ველზე წარუმატებლობის შემდეგ.

ბოლო კვირებში რუსეთის არმია ბომბავს უკრაინის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო ობიექტებს მთელ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინის არმიის მიერ ახლახან განთავისუფლებულ არეალებში.

1 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მზად არის მოილაპარაკოს პუტინთან, თუ რუსეთის ლიდერი აჩვენებს, რომ მართლა სურს დასრულდეს უკრაინაში შეჭრა.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პასუხი უნდა აგოს ომის დანაშაულებზე.

“რუსული სარაკეტო თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ომის დანაშაულია. ჩვენ უნდა შევაგროვოთ ომის დანაშაულების ყველა მტკიცებულება. და ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ უკრაინაში პოლიციელებისა და ექსპერტების გაგზავნით”, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ის აგრძელებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რეგულარულ დისკუსიებს და პირდაპირ კონტაქტს. მისი თქმით, ურთიერთქმედების აღდგენის საუკეთესო გზა ამ პირდაპირი არხის შენარჩუნებაა.

3 დეკემბერს, მაკრონმა განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა განიხილოს, თუ როგორ დააკმაყოფილოს რუსეთის საჭიროება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, თუ პუტინი დათანხმდება მოლაპარაკებებზე უკრაინაში ომის დასასრულებლად.

ევროკომისიამ დაასრულა მუშაობა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეცხრე პაკეტზე. ევროკომისიამ შესაბამისი ინფორმაცია 4 დეკემბერს გაუგზავნა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს.

სანქციების სია, რომელშიც 180-მდე დასახელებაა, მიმართულია ბანკების, მედიასაშუალებების და ტექნოლოგიების წინააღმდეგ. სანქციები ისევ არ შეხებია ბელარუსს.

სავარაუდოა, რომ სანქციების მეცხრე პაკეტი 12 დეკემბერს შეთანხმდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

ევროკომისიამ სანქციების მეცხრე პაკეტზე მუშაობა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე მასირებული სარაკეტო დარტყმების გამო.

მსგავსი პოსტები

Back to top button