მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოდესაზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა-რუსეთ-უკრაინის ომიდან 2 წელიწადზე მეტი გავიდა

გლოვის დღე უკრაინაში - ომში მყოფი ქვეყანა აგრესორის თავდასხმების შედეგად დაღუპულებს ემშვიდობება

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესაზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა, შენობის ნანგრევების ქვეშ კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი იპოვეს – რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში ამბობენ, რომ რომ ნაპოვნი ბავშვი 8 თვის იყო. ოდესის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა კი განაცხადა, რომ ის დედის ცხედრის გვერდით იპოვეს.

“ქალის ცხედრის გვერდით კიდევ ერთი გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი იპოვეს,” – წერს კიპერი Telegram-ში.
“ისინი ჩახუტებულები იყვნენ”, – აცხადებს უწყება.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეჰ კიპერი აცხადებს, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.

მანამდე, ნანგრევების ქვეშ მაშველებმა 3 თვის ბავშვის და მისი დედის ცხედრები იპოვეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 წლის ბავშვიც. ამის შესახებ ოლეჰ კიპერმა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ განაცხადეს.

ადგილობრივები იტყობინებიან ასევე 7 დაჭრილის შესახებ. მათ შორის ორსული ქალი და პატარა ბავშვია.

უკრაინის სამხრეთის დაცვის ძალების ტელეგრამარხზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, რუსეთის ფედერაციამ „მორიგი ტერორისტული თავდასხმისთვის“ თვითმკვლელი დრონები [Shahed-131/136] გამოიყენა.

ოფიციალური ინფორმაციით, 8 დრონი რუსეთმა ოდესის ოლქისკენ შავი ზღვის აკვატორიიდან გაგზავნა. ოფიციალური ინფორმაციით, ერთი საათის განმავლობაში, უკრაინის ანტისაჰაერო სისტემამ 7 დრონი ჩამოაგდო, ხოლო ერთი 9-სართულიან სახლს დაეცა.
შეგახსენებთ, რომ ოდესას რუსეთი თავს 2 მარტის ღამეს დაესხა. ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა შორის ერთი 3 წლის ბავშვია.

კვირა დღე ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ომი უკრაინაში გრძელდება. ნანგრევების გაწმენდას ოდესაში მთელი დღე დასჭირდა. მრავალსართულიან კორპუსზე რუსების თავდასხმის უკან ირანული დრონებია. ღამის დარტყმებს 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის – 3 წლის ბიჭი. არიან დაჭრილებიც და დაკარგულებიც – 6 ადამიანთან კონტაქტს ამ დრომდე ვერ ამყარებენ. განადგურებულია 18 ბინა.
ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინისთვის მეტ საჰაერო თავდაცვით სისტემებს ითხოვს და არცთუ ისე უადგილოდ – ოდესის გარდა, განგაშის ხმა გუშინ უკრაინის თითქმის ყველა დიდ დასახლებაში ისმოდა. მათ შორის – სუმის ოლქში, დნეპროპეტროვსკში, ზაპოროჟიესა თუ ხარკოვში. აქ დრონმა 76 წლის მამაკაცი იმსხვერპლა. გენერალურ შტაბში ჰყვებიან, რომ გუშინ უკრაინელებსა და რუსებს შორის 82 საბრძოლო შეტაკება მოხდა. კიდევ ერთხელ ჩამოაგდეს რუსული სუ-34-ც.

რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიიდან 2 წელიწადზე მეტი გავიდა. ამ დროის განმავლობაში, დასავლეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა თანმიმდევრული და უცვლელია. ამის დასტურია უსაფრთხოების საკითხებზე გაფორმებული შეთანხმება უკრაინასა და ნიდერლანდებს შორის, რომელიც მომდევნო 10 წლისთვის გაიწერა და თავდაცვით, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კომპონენტებს მოიცავს. ნიდერლანდები უკვე მე-7 ქვეყანაა, რომელიც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევს. ამასთან ერთად, მალე F-16-ებსა და, დამატებით, 2 მილიარდ დოლარსაც მისცემს.

რუსეთისთვის “სტრატეგიული დილემის” შექმნის მიზნით, საფრანგეთში სპეცრაზმისა და სამხედრო ნაწილებისთვის უკრაინის საზღვრის გადაკვეთის ნების დართვასაც კი განიხილავენ – ამ თამამი ვერსიის შესახებ ფრანგული გამოცემა, “ლე მონდი” წერს. საფრანგეთის საარჩევნო კამპანიაში უკრაინის თემა აქტუალური რომ იქნება, იმითაც ჩანს, რომ პრეზიდენტ მაკრონს ამგვარ შესაძლებლობაზე მსჯელობა ქვეყნის შიგნით ყველა პოლიტიკოსთან ერთად სურს. სამხედროებს ომში ჩართვის მინიმალური პერსპექტივა კი აშინებს ბერლინს, გერმანელები სიფრთხილეს არ კარგავენ. შოლცი ბრიტანელ კრიტიკოსებს პასუხობს და ხსნის, თუ რატომ არ მიიჩნევენ ბერლინში ტაურუსის ტიპის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას კარგ იდეად.

ფინანსურ, პოლიტიკურ და სამხედრო დახმარებაზე უკრაინას პარტნიორებისგან აქვს გარანტიები. მთავარი ყურადღება, ამ მხრივ, კვლავ აშშ-ის კონგრესზეა, რომელსაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხზე მწვანე შუქის დროულად ანთებას პირადად აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს. ჯო ბაიდენმა ამის შესახებ, იტალიის პრემიერთან შეხვედრისას, ოვალურ ოფისში განაცხადა. უკრაინის მშვიდობისა და თავისუფლების დასაცავად, დასავლეთის დახმარების აუცილებლობაზე ჯორჯია მელონიმაც გაამახვილა ყურადღება.

მსგავსი პოსტები

Back to top button