“გიორგი მამალაძის საქმეზე საზოგადოებას ინფორმაცია ცალმხრივად მიეწოდება”

“დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განზრახ მკვლელობის მომზადებისათვის არის დაკავებული, ამ დრომდე არ ეძლევა საკუთარი პოზიციის საზოგადოებისათვის გაცნობის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა პროკურატურას ანიჭებს უფლებამოსილებას, პროცესის მონაწილე პირები, მათ შორის ადვოკატები, დაავალდებულოს მისი თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნონ საქმეში არსებული ცნობები, დაუშვებელია ეს მექანიზმი დაკავებული პირის ინტერესების საზიანოდ იყოს გამოყენებული”, ამის შესახებ საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი.

ციტატა საიას განცხადებიდან: მოცემულ საქმეზე ნათელი ხდება, რომ პროკურატურის მიერ მიღებული ზომები, ბრალდებულს აშკარად არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ერთის მხრივ, პროკურატურა ღიად საუბრობს საქმისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა გარემოებაზე, ხოლო მამალაძე და მისი ადვოკატები ვერ პასუხობენ საჯაროდ გაჟღერებულ ბრალდებებს.

გარდა ამისა, პოლიტიკური თანამდებობის პირები კვლავაც აგრძელებენ საჯარო განცხადებების გაკეთებას, რომლის შინაარსი ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს უკვე დადგენილად და უტყუარად წარმოაჩენს, რითაც გრძელდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა”, – წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

“მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაცვის მხარეს მოუხსნას დაწესებული შეზღუდვები; ასევე, პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღონ შესაბამისი ზომები გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების უსაფრთხოების დასაცავად; კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, დაიცვან და პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და გამონათქვამებისაგან, რაც სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე წარმოაჩენს ბრალდებულ პირს დამნაშავედ, ხოლო გამოძიების ვერსიას – დამტკიცებულ ფაქტად”, – ნათქვამია საიას წერილში.

მსგავსი პოსტები

Back to top button