მსოფლიოსაქართველოსიახლეები

“მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა შეიძლება დაინფიცირდეს”

“მსოფლიოს მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებს აქვს კორონავირუსზე ანტისხეულები, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა შეიძლება ვირუსით დაინფიცირდეს”. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 73-ე ყოველწლიური სესიის გახსნაზე, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამოსვლისას, ჯანმოს დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„სეროლოგიური კვლევები ძალიან მკაფიო სურათს გვიჩვენებენ. ვირუსით სერიოზულად დაზარალებულ ქვეყნებშიც კი, ანტისხეულების მქონე მოსახლეობის პროპორცია 20%-ზე ნაკლებია, ხოლო უმეტეს ქვეყნებში კი, 10%-ზე ნაკლებია ეს მაჩვენებელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა ამ ვირუსისადმი მგრძნობიარეა. რისკები ძალიან მაღალია და წინ კი, დიდი გზა გვაქვს გასავლელი“. – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

საქართველოსთან დაკავშირებით, უფრო დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი.

მისივე თქმით, კორონავირუსი მარტო ჩვენი ქვეყნის თავსატეხს არ წარმოადგენს, ეს მთელ სამყაროს დაატყდა თავს და ჩვენი ქვეყანა ამ ბრძოლაში ერთ-ერთ წარმატებულ ადგილს იკავებს.

„ახალი შემთხვევების გაზრდის ტენდენცია თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ბრძოლა დადებითი აღმოჩნდა“. – აღნიშნა რატიანმა.

ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად ვაქცინის და მედიკამენტის გარდა, არსებობს მესამე გზა, – სიმპტომური მკურნალობა, რომლის შედეგადაც შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღწევა. ამის შესახებ მან „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ამ დაავადებას სიმპტომურად ვმკურნალობთ. ქართულმა პროტოკოლმა ამ ეტაპამდე თავისი საქმე გააკეთა. დადგება დრო, როდესაც ეს პროტოკოლი განახლდება, ალბათ, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები დადებენ საპროფილაქტიკო ვაქცინას და სამკურნალო საშუალებებს, მაგრამ ამას დრო სჭირდება“. – აღნიშნა რატიანმა.

ქვეყანაში კორონავირუსი 701 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 432 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსი 4 841 244 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 317 379 პაციენტი, ხოლო 1 875 488 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button